logo_geo
eng_logo
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის მოთხოვნები ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე საქართველოშიც სრულად ამოქმედდება
- +

3 დეკემბერი. 2018. 18:52

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განხილეს.

 

საკითხი ზოგადი პრინციპების დონეზე პარლამენტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა წარადგინა და ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

მომხსენებლის განაცხადებით, წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების მიზანია, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდეს ჩანაწერი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის რეტროსპექტულად გაცემის წესთან დაკავშირებით.

 

როგორც მან აღნიშნა, ზემოაღნიშნული კონვენციის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება შესაძლებელია განხორციელდეს ასეთ გადაადგილებამდე წინასწარ გაცემული ნებართვის ან სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, თუმცა არსებობს გამონაკლისები, ამიტომ დაშვებულია ნებართვის გარეშე განხორციელებულ ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე იგივე ტიპის ნებართვის რეტროსპექტიულად გაცემა.

 

ეს საკითხი, ანუ ნებართვის რეტროსპექტიულად (ანუ ტრანსსასაზღვრო გადაადგილების განხორციელების შემდეგ ნებართვის გაცემა) გაცემის შესაძლებლობა, დღემდე ეროვნულ კანონმდებლობაში არ იყო ასახული, თუმცა, კონვენციაზე დაყრდნობით, შესაბამის შემთხვევებში (კონვენციით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში) ხდებოდა ასეთი ნებართვების გაცემა.

 

ამგვარად, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 266 მუხლი, რომლის თანახმადაც „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გარეშე განხორციელებულ ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე, გამონაკლისი სახით, შესაძლებელია ამ ნებართვის რეტროსპექტიულად გაცემა.

 

კომიტეტმა წარმოდგენილი კანონის პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner