„ჩვენი უკრაინელი კოლეგები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მალე წარსდგეს მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა მეგის ქარდავასთვის საექსტრადიციო პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
„უკრაინის იუსტიციის სამინისტროსთან ვართ აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ჩვენი მხრიდან მიეწოდა ყველა საექსტრადიციო მასალა, რაც შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. იგი ზოგ შემთხვევაში ბრალდებული და ზოგ შემთხვევაში მსჯავრდებულია სისხლის სამართლის 11 საქმეზე. ამ საქმეებთან დაკავშირებიუთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებებით, მიწოდებული აქვს უკრაინულ მხარეს. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ჩვენგან დამატებითი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია, რაც აპრიორი გულისხმობს იმას, რომ ყველა დოკუმენტაცია სრულყოფილად იყო მიწოდებული. მისი პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენების მიზეზი არის, ის, რომ პარალელურად მიმდინარეობდა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები და ვინაიდან ეს პროცედურები ჯერჯერობით არაა ამოწურული, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო იძულებული გახდა იგი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, რათა შემდგომში, როდესაც მიუბრუნდება საკითხის განხილვას, შესაძლებლობა მიეცეს ხელახლა აიყვანოს მეგის ქარდავა პატიმრობაში. შემდგომ კი უზრუნველყოს ქართული მხარისთვის გადმოცემა. წინასწარ განსაზღვრა იმის, თუ როდის დასრულდება თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები, რთულია. ამის თაობაზე ჩვენ ინფორმირებული ვართ ჩვენი უკრაინელი კოლეგების მიერ. ჩვენი კოლეგები აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან და მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ეს პროცედურები რაც შეიძლება მალე დასრულდეს და რაც შეიძლება მალე წარსდგეს მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა პროკურორმა.