საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, მიტროპოლიტი შიო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მეუფე შიო მორწმუნეებს დღესასწაულს მიულოცავს და ქადაგებით მიმართავს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული - მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა.
სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა. შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში ტაძარში მიიყვანეს.