„საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საკუთრებაში დამატებით, 34 ოჯახს გადაეცემა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფართები სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდებათ.
„საცხოვრებლების დაკანონების პროცესი გრძელდება. ამჯერად, ფართები საკუთრებაში 34 ოჯახს გადაეცემა. ეს ოჯახები სხვადასხვა უბანში ცხოვრობენ. კერძოდ, დიდ დიღომში, ვანის, რეხის, ჭიჭინაძის, ახვლედიანისა და ბერიაშვილის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, ქინძმარაულის შესახვევში, ასევე, საქსოვმანქანისა და ფონიჭალის დასახლებებში. მათაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ - წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ და მინდა მივულოცო მათ აღნიშნული პროცესის დასრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ, ფართები ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სიმბოლურ ფასად უკვე 411 ოჯახს გადაეცა.