თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეცოპერაციისას დაკავებული, უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა დაკავებულებისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას, დაცვის მხარე კი უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.
დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ. პროცესს ესწრება რადას დეპუტატი და ბატალიონ „დონბასის“ ყოფილი მეთაური.
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და ბატალიონ „დონბასის“ მეთაური სემიონ სემენჩენკო, რომელიც საქართველოში სპეცოპერაციისას დაკავებულ შვიდ ადამიანთან ერთად იყო, ადასტურებს, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე პოლონეთში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკას” ერთ-ერთმა უკრაინელმა მედიაექსპერტმა მიაწოდა და თქვა, რომ სააკაშვილ-სემენჩენკოს შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში პოლონეთში გაიმართა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა მას მებრძოლების რამდენიმე ჯგუფის თბილისში გაგზავნის ორგანიზება სთხოვა.
დეპუტატ სემენჩენკოს მტკიცებით კი, ბატალიონ „დონბასის“ მებრძოლები არჩევნების შემდეგ საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ და მათ პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი არ აქვთ. თვითონ სემენჩენკო კი, როგორც თავად ამბობს, თბილისს სადამკვირვებლო მისიით ესტუმრა, თუმცა, მისიის დასრულების შემდეგ მებრძოლების სანახავად დარჩა.