თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა შეჯერდეს, მათ შორის, ხელისუფლება და ოპოზიცია, რომ სასაუბრო ლექსიკა ძალადობრივი არ იყოს.
„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა. ამაზე ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება და ბევრჯერ გავიმეორებ. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. ჩვენ თუ შევხედავთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში არჩევნების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მათი ინსპირირებულია მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ის დღის წესრიგი, რაც შემოგვთავაზეს და რომელიც დაფუძნებული იყო სიძულვილზე, სიცრუეზე, ძალადობის მოწოდებებზე. ჩვენ მოვისმინეთ ფაშისტური განცხადებები და ამას სამწუხაროდ, რეაგირება და შეფასებები არ მოყოლია. დღეს, სამწუხაროდ, ყველამ ერთად მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ და ეს არის ძალიან ცუდი. კატეგორიულად მიუღებელია ის ლექსიკა და საუბარი, რასაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვისმენდით, პირდაპირ დედის გინებაზე იყვნენ გადმოსულები. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია იმ ენით საუბარი სატელევიზიო ეთერებიდან, რასაც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ვისმენდით. ეს ყველაფერი საზოგადოებაზე აისახება და ეს ქურთუკი არ არის, ადამიანმა გაიხადოს და თაროზე შემოდოს. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ყველა ერთად ვიმკით იმ შედეგებს, რაც ხდებოდა ამ თვეების განმავლობაში. ყველა უნდა შევჯერდეთ - ხელისუფლება, ოპოზიცია, რომ ასეთი ლექსიკა ტელევიზიებიდან, დებატებიდან, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.