2018 წლის 4 დეკემბერს, ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მოკავშირეებთან ერთად განხილული იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან უაღრესად დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. ამავდროულად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ალიანსში გასაწევრიანებლად.
სხდომაზე, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა გამოიხატეს სრული მზაობა საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. განსაკუთრებით გაესვა ხაზი NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, რომელიც მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების NATO-სთან თავსებადობის ამაღლებისაკენ.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება 2019 წლის მარტში საქართველოში დაგეგმილ NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას. შეხვედრაზე მხარების მიერ აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა აზოვსა და შავ ზღვებში კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონში არსებული უსაფრთხოების მყიფე გარემო. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ბოლო დროს განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები; მოკავშირეების მხრიდან შეშფოთება გამოითქვა მცოცავი ოკუპაციისა და აღნიშნულ რეგიონებში.