ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის „დინამო" ბოლნისის „სიონს" დაუპირისპირდა.
შეხვედრა დიდ ინტერესს ბადებდა, რადგან ტიტულის მოპოვების გარდა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე ქართული კლუბის ვინაობა უნდა გარკვეულიყო. თბილისის „დინამომ" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ადგილი ღირსეულად დაიკავა და ახლა დუბლის შესრულება თასის მოპოვებით სურდა, ბოლნისის „სიონმა" კი სატურნირო ცხრილში პოზიციები საჩხერის „ჩიხურასთან" დათმო და მხოლოდ თასის მოგებით შეეძლო საჩხერელთათვის ევროსაგზურის წართმევა.
ფინალური მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე 29-ე წუთზე, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ეფექტურად შესრულებული დარტყმით მიითვალა. დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის შეცვლის შანსი, თუმცა ფეხბურთის ღმერთების გადაწყვეტილებით, ტაბლოზე არაფერი შეცვლილა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჭანტურიშვილი დასახელდა.
თბილისის „დინამომ" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი ზედიზედ მეოთხედ, საერთო ჯამში კი მეცამეტედ მოიპოვა. ბოლნისის „სიონი" კი ერთბაშად ტიტულისა და ევროსაგზურის გარეშე დარჩა.
„დინამო" (თბილისი) - „სიონი" (ბოლნისი) 1:0
გოლი: ჭანტურიშვილი (29')
„დინამო": ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, იაშვილი (პარუნაშვილი 71'), ქვილითაია (გელაშვილი 67'), კიტეიშვილი, მიკელ ალვარო (ჭელიძე 83'), რენე ფერეირა, ჯაბა ჯიღაური, ჭანტურიშვილი;
მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
„სიონი": მერლანი, ფოფხაძე (შალამბერიძე 87'), სვანიძე, კილასონია, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, ვასაძე, რაზმაძე, გვალია (ლუის ალბერტო 72'), მანჯგალაძე (მანაგაძე 83'), ტატანაშვილი;
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
მსაჯები: გ.ყრუაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ლ.ვარამიშვილი, გ.ვადაჭკორია (1 დამ.ასისტენტი), გ.კიკაჩეიშვილი (2 დამ.ასისტენტი), ლ.სილაგავა (სათადარიგო);