logo_geo
eng_logo
ანა დოლიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ სულ აგებს!
- +

5 დეკემბერი. 2018. 00:31

 

„2012 წლის და ყველა შემდეგი არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ კი არ მოიგო, ისევ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო, ანუ, „ნაციონალური მოძრაობა“ სულ აგებს“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

 

„განსაკუთრებით, ბოლო დღეების მოვლენებს თუ შევხედავთ, „ოცნებას“ მორიგჯერ დასჭირდა სისხლიანი ცხრა წლის გახსენების გამოყენება, რომლის გახსენებაც ალბათ, ყოველთვის შეიძლება. მე, პირადად, მთელი ცხოვრება ამ საქმეებს ვკითხულობ და ამის ფსიქოლოგიურად გადახარშვა მაინც მიჭირს. ვთქვათ, იგივე, სერგო თეთრაძის თემაზე რაც მოხდა, როგორ აწამეს ის და მასთან ერთად, რამდენიმე ადამიანი. ეს ენით აღუწერელი სისასტიკეა და ადამიანებს 90 წლის შემდეგაც რომ გაახსენო, ეს ამბავი სავარაუდოდ, ისევ იმუშავებს ისე, რომ არავის მოუნდება, პირობითად, მეგის ქარდავა სადმე ახლომახლო კიდევ დაინახოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

მისი თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემაა და „ქართული ოცნების“ პლუსი არ არის.

 

„ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობა“ შემდგარი ოპოზიციური ძალაა, მაგრამ მისი პრობლემა ისაა, რომ ვერ ახერხებს, თავისი წარსულიდან დისტანცირება მოახდინოს, რასაც „ქართული ოცნება“ მშვენივრად იყენებს. ეს ძალა რაღაცნაირად, ვერ ახერხებს, ან ბოდიში მოიხადოს, ან უარი თქვას, ან ეს მეგის ქარდავა და ვიღაცები თვითონვე ჩამოიყვანოს და თქვას – იცი რა არის, ეს აღსრულების თემა იყო და არა პოლიტიკის“, – განაცხადა დოლიძემ.

 

დოლიძემ განაცხადა, რომ ალბათ, „ქართულ ოცნებას“ აქვს პოტენციალი, ვითარება შეცვალოს, თუმცა, ის ამის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.

 

„ოცნებას“ განვითარების მხრივ, საქმეშიც და იდეოლოგიაშიც, ძალიან დიდი ჩავარდნა აქვს, მაგრამ ეს იმ ისტორიის ბრალია, რა ისტორიის მემკვიდრეც არის. ის ხომ იმისთვის შეიქმნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაგვეშვა? ამიტომ, ის უარყოფაზე იყო ორიენტირებული. „ქართული ოცნებისთვის“ ერთადერთი მყარი იდეოლოგია სამართლიანობის აღდგენა იყო, მაგრამ ამ პარტიამ ეს იდეოლოგია ირმა ინაშვილს დაუთმო. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ეს ძალიან სერიოზული კოზირი ირმა ინაშვილს ჩააწოდა. დღეს კი, ერთადერთი, ვინც პოლიტიკურ სპექტრში ამაზე საუბრობს, ირმა ინაშვილია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა, სასწრაფოდ, კიდევ რაღაც ძალა შეიკრიბოს, რომლის ერთადერთი ამოცანა „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება იქნება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner