„სარეზერვო ფონდის არსებობა პრეზიდენტთან, რომელიც არ არის აღჭურვილი აღმასრულებელი კომპეტენციებით, არის ნონსენსი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სარეზერვო ფონდი არსებითად გამოიენება ისეთი მიზნებისთვის, როგორიც არის სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაცია. ეს ფონდი სააკაშვილის დროს არსებობდა, რადგან ის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო და შემორჩა მერეც, რაც პრეზიდენტს ჩამოშორდა აღმასრულებელი ფუნქციები.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვერსიით, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მილიონი ლარი იქნება.
ასევე, 140-დან 60-მდე მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა.
პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.
მომავალი პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს საბიუჯეტო პროცესია და მას პრობლემა არ აქვს.