ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა „კაბელების საქმეში" მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რომელთაც სასამართლომ 7-7 წელი მიუსაჯა, „ეროვნულმა ფორუმმა" კი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მსჯავრდებულების შეწყალებისკენ მოუწოდა. ტყემალაძის აზრით, არც ოპოზიცია და არც მმართველი გუნდი არ უნდა ერეოდეს პრეზიდენტის საქმიანობაში.
„პრეზიდენტის საქმეში არც ოპოზიცია და არც მმართველი გუნდი არ უნდა ერეოდეს. მითუმეტეს პრეზიდენტს არ უნდა მოუწოდებდნენ რაიმეზე. მარგველაშვილის პრეროგატივაა, მან უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება ცივ გონებაზე, თავისი რწმენიდან გამომდინარე და არა ვინმეს მოწოდებით. თუ არის პოლიტიკური მოტივი, ამას თავისი მტკიცებულება სჭირდება. მე ვერ ვიტყვი, რომ ისინი ნამდვილად დამნაშავეები არიან , ეს უნდა თქვას სასამართლომ", - განაცხადა ტყემალაძემ.