საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემაა საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან.
„სახელმწიფო დეპარტამენტს შენიშვნები გააჩნია. ასევე, შენიშვნები აქვთ სადამკვირვებლო მისიებს, მაგრამ 3700 საარჩევნო უბანი იყო და რასაკვირველია, გარკვეული გადაცდომა მოხდა, თუმცა მთლიანობაში ყველა ერთად თანხმდება, რომ ამას არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია. განცხადება სიგნალია, რომ პროცესი უფრო უნდა დაიხვეწოს. პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის მიმართულებით ბევრია გამოსასწორებელი და ეს მხოლოდ სახელისუფლებო ველს არ ეხება. პოლიტიკური კულტურა, რომელიც საქართველოს გააჩნია, საერთაშორისო სტანდარტს ჩამორჩება, თუმცა საზოგადოება სწორ დასკვნებს აკეთებს. ოპოზიცია თავისი პოლიტიკური სახის შესახებ უნდა დაფიქრდეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.