logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: შეუძლებელია, ოპოზიციის 18%-იანი მარცხი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის საფუძველი გახდეს
- +

5 დეკემბერი. 2018. 13:39

 

 

„შეუძლებელია, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის საფუძველი ოპოზიციის 18%-იანი მარცხი გახდეს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

 

დეპუტატის თქმით, ოპოზიციასთან დიალოგს წინ არაფერი უდგას, მაგრამ თუკი დიალოგის დღის წესრიგის საკითხია მოთხოვნა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კვალობაზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, ამ დღის წესრიგის გარშემო დიალოგს აზრი არა აქვს.

 

ზაქარია ქუცნაშვილი იმასაც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სწორად „გადაეწყო“, როცა „ევროპული და აკადემიური წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, ქართველი ამომრჩევლის გემოვნებაზე ორიენტირებული კამპანია ჩაატარა“. დეპუტატის თქმით, ამომრჩევლის უმრავლესობა ორ ფერში - თეთრსა და შავში ხედავს.

 

„სამწუხაროდ, 2018 წლის არჩევნების კვალობაზე ქართველი ამომრჩევლის გემოვნება რჩება რადიკალურად დაპირისპირებული არჩევანის სასარგებლოდ. ქართველი ამომრჩეველი საარჩევნო სუბიექტებს ძირითადად ორ ფერში - თეთრსა და შავში ხედავს. ჩვენ შევეცადეთ, ევროპული წინასაარჩევნო კამპანია გვეწარმოებინა. ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ იყო აგრესიული, არჩევნების პირველ ტურში არ იყო აგრესიული შინაარსის ბილბორდები და პლაკატები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველ ამომრჩეველს სხვა რამე უნდა. ხუმრობით ვამბობ, რომ რომის იმპერია გერმანელმა ბარბაროსებმა დაამარცხეს. რომის იმპერია იმ დროის ცივილიზაციაში ყველაზე კულტურული და დახვეწილი მმართველობის სისტემა იყო მთელ მსოფლიოში. ამიტომ, როცა ბარბაროსებთან გაქვს საქმე, თავის ენაზე უნდა ელაპარაკო და არა აკადემიურ და ევროპულ ენაზე. ამიტომაც, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი სწორად გადაეწყო და ამომრჩეველმა ის მეორე ფერი მიიღო, რომელიც უნდოდა, რომ დაენახა და არჩევნები შთამბეჭდავად მოვიგეთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner