„ახალციხის სასამართლომ სრულად გაიზიარა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის ცენტრში, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გ.მ.-მ მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხ. ტ.-ს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მიყენებული დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა.
გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 3 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
ბრალდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.