„ახვლედიანის ბოლო დროს გააქტიურებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ჩემი მოსაზრება მქონდეს, მაგრამ მსურს, ჩემს გამოხატვებში ძალიან ეთიკური და შეზღუდული ვიყო."- ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ბოლოდროინდელ განცხადებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ.
გვენეტაძის თქმით, მას არ აქვს უფლება ახვლედიანის პირად ინტერესებზე ისაუბროს.
„ეჭვი რომც მქონდეს, სათანადო ფაქტები არ მაქვს. ფაქტების არსებობის შემთხვევაშიც, თავშეკავებული ვიქნებოდი, რადგან ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
მამუკა ახვლედიანის მიერ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისა და უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, საბჭომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იმსჯელა და ნათლად აღმოაჩინა, რომ საქმეთა განაწილების წესთან დაკავშირებით, მას სერიოზული გადაცდომები აქვს. მყისიერი გადაწყვეტილებაც ამის შედეგად იქნა მიღებული. საბჭომ კანონის ფარგლებში იმოქმედა და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ პერიოდში, მისი აქტივობები სხვადასხვა ადგილას ფიქსირდებოდა, მაგრამ საბჭოში მოსვლა არ ისურვა. გადაწყვეტილების სრულად შესწავლამდე, იურისტების შეფასება მართებულად არ მიმაჩნია." - განაცხადა ნინო გვენეტაძემ გადაცემაში 2030.