logo_geo
eng_logo
ლივერპულელთა ცრემლები - „სევილია“ ევროპა ლიგის ჩემპიონია!
- +

19 მაისი. 2016. 16:29


წუხელ ბაზელში, ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალურ შეხვედრაში „სევილია" „ლივერპულს" დაუპირისპირდა. შეხვედრა მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა, თუმცა იყო ერთი უცნაურობა: გუნდები პირველ და მეორე ტაიმში სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდნენ.


ინტრიგა იმდენად დიდი იყო, რომ „ლივერპულისა" და „სევილიას" გულშემატკივრებმა ბაზელი სრულად მოიცვეს. შეხვედრის დაწყებამდე ქალაქის უმეტეს ნაწილში კლუბების მაისურებს მრავლად შენიშნავდა კაცი. მატჩის დაწყებისთანავე ტრიბუნაზე ალიაქოთი ატყდა, იმ სექტორში, სადაც ორივე კლუბის გულშემატკივრები შერეულად ისხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონის თითქმის 3/4-ს ინგლისელი გულშემატკივრები წარმოადგენდნენ, „სენტ აიკობსზე" შეკრებილმა 7 ათასამდე სევილიელმა მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ხელჩართულ ჩხუბსაც არ მოერიდნენ, რომელიც სამართალდამცველებმა მოკლე დროში აღკვეთეს.


შეხვედრის პირველი ნახევარი იურგენ კლოპის შეგირდების გახლდათ. მათ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, თუმცა ხან უიღბლობამ, ხანაც შეხვედრის არბიტრმა „სევილიას" კარში გოლის გატანა არ ისურვა. მსაჯს პირველ ტაიმში ესპანელთა კართან ორჯერ შეეძლო პენალტის დანიშვნა, თანაც ისეთ ეპიზოდებში, ცოტა ვინმე თუ გაამტყუნებდა. „ლივერპულელებმა" მაინც მოახერხეს ანგარიშის გახსნა: 35-ე წუთზე, მოჭრილი დარტყმით, მეტოქის კარი დანიელ სტარიჯმა აიღო. პირველი ტაიმის ბოლოს შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ინგლისელები მეტად იმსახურებდნენ გამარჯვებას, თუმცა უნაი ემერის შეგირდებმა საპირისპიროში დაგვარწმუნეს.


„სევილია" მეორე ტაიმში მოედანზე ისე გამოვიდა, როგორც წლების წინ „მილანთან" ფინალში „ლივერპულის" ფეხბურთელები. ესპანელთა პირველივე შეტევა კევინ გამეირომ გოლად აქცია. 64-ე და 70-ე წუთებზე კი, გუნდის კაპიტანმა კოკემ ორი ბრწყინვალე გასროლით, თანაგუნდელები წინ გაიყვანა და საბოლოოდ, ტაბლოზე 3:1 დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულს" გოლის გატანა სასწრაფოდ სჭირდებოდა, დარჩენილ დროში მერსისაიდელებს მნიშვნელოვანი არაფერი შეუქმნიათ. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კოკე დასახელდა.

 

ამგვარად, უნაი ემერიმ და „სევილიამ" ზედიზედ მესამედ მოიგეს ევროპა ლიგის ტიტული და ისინი პირველები არიან, ვინც ეს მოახერხა. საერთო ჯამში, „სევილიამ" აღნიშნული ტურნირი მეხუთედ მოიგო და ამ კომპონენტშიც რეკორდსმენია.


აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით, „სევილიამ" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის საგზურიც მოიპოვა და იმედი ვიქონიოთ, რომ უნაი ემერის შეგირდები ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირზეც მოახერხებენ სასწაულების მოხდენას. რაც შეეხება „ლივერპულს", მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მიწურულს მრავალი ინგლისელის ცრემლი დაიღვარა, იურგენ კლოპის ხელში კლუბი აშკარად პროგრესირებს და გერმანელს ახალი გუნდის ასაშენებლად დრო ნამდვილად სჭირდება.

 

 

„ლივერპული" - „სევილია"   1:3


გოლები: სტარიჯი (35'), გამეირო (46'),  კოკე (64', 70');

 

„ლივერპული" (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, კ. ტურე (ბენტეკე 82'), მორენო - მილნერი, ჯანი - ლალანა (ალენი 73'), ფირმინო (ორიჯი 69'), კოუტინიო - სტარიჯი;

 

„სევილია" (4-2-3-1): სორია - მარიანო, რამი (კოლოძეიჩაკი 78'), კარიშო, ესკუდერო - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - კოკე, ბანეგა (კრისტოფორო 93'), ვიტოლო - გამეირო (იბორა 89');


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner