თბილისში გრძელდება მოყვარულ სტუდენტთა თეატრალური ფესტივალი - „ნიღაბი“. ფესტივალის მეოთხე საკონკურსო დღეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „სიკვდილი ღრუბლებში“. მოყვარულმა მსახიობებმა აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანის პერსონაჟების როლი მოირგეს და სცენაზე განასახიერეს. ფესტივალის ორგანიზატორისა და სპექტაკლის რეჟისორის ნათია გუჯაბიძის თქმით, კონკურსი მეშვიდედ ტარდება და წელს 10 უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას.
„ჩვენი ფესტივალი რიგით მეშვიდე საკონკურსო წელს ითვლის. ნამდვილად ძალიან დიდი არის მოტივაცია, სტუდენტების ჩართულობა. ფესტივალში 16 უნივერსიტეტი მონაწილეობს, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ 10 წარსდგება საკონკურსო დღეებში. დღეს ფესტივალზე წარსდგება სამედიცინო უნივერსიტეტი აგათა კრისტის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „სიკვდილი ღრუბლებში“, ეს არის დეტექტივი. საკმაოდ ღელავენ სტუდენტები, რადგანაც მათი უმრავლესობა გამოუცდელია, თუმცა, ვფიქრობ, რომ მათ ძალიან ბევრი შეუძლიათ“, - განაცხადა ნათია გუჯაბიძემ.
სტუდენტების სამსახიობო ოსტატობა ჟიურიმ შეაფასა. მათი თქმით, სტუდენტების დაინტერესება და სიყვარული თეატრის მიმართ დასაფასებელია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მათ პარალელურად სწავლა უწევთ.
„ძალიან დასაფასებელია თითოეული მონაწილის შრომა. იმიტომ, რომ თუ გავითვალისწინებთ მათ საკმაოდ დაძაბულ რეჟიმს, სწავლას ვგულისხმობ და რომ აქვთ კიდევ იმის დრო და სურვილი, მიიღონ მონაწილეობა სპექტაკლებში. საკმაოდ ხმაურიანი დრამატურგების პიესებში იღებენ მონაწილეობას. ეს არის ისეთი კატეგორია, რომელიც ყველაზე გულწრფელი და ყველაზე მონდომებულია. ამიტომ ჩემს აღფრთოვანებას ყოველ ჯერზე იწვევს და იწვევდნენ ეს ადამიანები და მე თითოეულ მათგანს მინდა წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა მსახიობმა ია სუხიტაშვილმა.
„შვიდი წელია, მიწევს ვიყო ჟიურიში. და ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ველოდები, როდის დაიწყება. იმიტომ, რომ ამდენ არაპროფესიონალს უყვარდეს შენი პროფესია და უნდოდეს, თეატრალურ პროცესში ჩაერთოს და რაღაც სპექტაკლი დადგას - ეს უკვე დღესასწაულია ჩემთვის და მერე ხანდახან, როცა გრძნობ, რომ ეს ყველაფერი პროფესიულთან მიახლოებულია, ხან პროფესიულივით გამოიყურება, ეს კიდევ უფრო ცალკე სიხარულია. იზრდება ფესტივალი, საერთაშორისო ხდება და ჩვენთვის, ჟიურის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარჩევთ ადამიანებს, რომლითაც მერე შეიძლება ისაზრდოოს ქართულმა თეატრმა. რამდენიმე მონაწილემ სხვა უმაღლესებში სწავლაც კი შეწყვიტა და თეატრალურში გააგრძელა. ამიტომ მიხარია და განსაკუთრებულად მიყვარს ეს ფესტივალი“, - აღნიშნა ჟიურის წევრმა ნიკოლოზ წულუკიძემ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ საკუთარი ემოციები გაგვიზიარეს მოყვარულმა მსახიობებმა.
„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალ „ნიღაბს“, რომ ასეთი ბედნიერი ვარ ახლა. ეს ყველაფერი არის მათი დამსახურება და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა ის ბედნიერება, ახლა რასაც განვიცდი, აუცილებლად უნდა განიცადონ სხვა სტუდენტებმაც. სპექტაკლი იყო ძალიან დაძაბული და ვფიქრობ, ძალიან რთული. თვითონ გარდასახვა, რაც მიწევდა, ჩემთვის ძალიან რთული იყო. პირველ ნაწილში უნდა მომეხიბლა მაყურებელი ჩემი შარმით, მეორე ნაწილში უნდა ვყოფილიყავი მკვლელი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა“, - განაცხადა სტუდენტმა ნიკოლოზ დვალმა.
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, სპექტაკლი წარმატებული იყო. წელს უკვე იყო ძალიან საინტერესო სპექტაკლები, ველი, რომ უფრო საინტერესოც იქნება და ალბათ ჟიურის ძალიან გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ არის საუკეთესო“, - განაცხადა სტუდენტმა ზუკა მახარაშვილმა.
სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. მაყურებელს მისი განმეორებით ნახვის შესაძლებლობა 26 დეკემბერს ექნება. დასწრება თავისუფალია!