„ჩემს თანამოაზრეებთან ერთად გამოვდივარ წინადადებით, შეიქმნას ნდობის ჯგუფი, პირობითად, საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც კვირაში ერთხელ ბიძინა ივანიშვილს დაწვრილებით მოახსენებს, რა ხდება რეალურად ქვეყანაში“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა და პიარტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ბიძინა ივანიშვილისთვის პირველი ტურის შემდეგ გახდა გასაგები, რომ იმ ხალხმა, რომელსაც ეფერებოდა, რომელსაც დენდროპარკი გაუხსნა, რომელიც ამდენი წელია, დოტაციაზე ჰყავს, მის პირმშოს - „ოცნებას“ უთხრა - არა! მიხვდა, რომ ორგანიზმში კიბო გაჩენილა და მკურნალობა უნდა.
ჩემს თანამოაზრეებთან ერთად გამოვდივარ წინადადებით, შეიქმნას ნდობის ჯგუფი, პირობითად, საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც კვირაში ერთხელ ბიძინა ივანიშვილს დაწვრილებით მოახსენებს, რა ხდება რეალურად ქვეყანაში. არ შეიძლება, ნახევარ-ნახევარი ინფორმაცია მიდიოდეს მის ყურამდე. პირადად მე, მზად ვარ, ციფრებითა და გვარებით ვამცნო, თითოეული ჩინოვნიკი რას აფუჭებს მისი სახელით.
კბილებით დავიცავ ბიძინა ივანიშვილს, მითუმეტეს, ვხვდები, რა გაწბილებულიც არის, მაგრამ ამავე დროს ბოლომდე ვიბრძოლებ, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში, იმ ადამიანების მოშორებისთვის, რომლებიც დაუფარავად მუშაობენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ბიძინა ივანიშვილმა კი არა, მათ უნდა მოიბოდიშონ და აგონ პასუხი!
კარგად მომისმინეთ, ირმა ინაშვილისა და ხალხის ხარჯზე გამარჯვებულებო - ან ჩართავთ ინტერპოლს და ქვეყნის გადატრიალების მოწოდებაზე დააკავებთ სააკაშვილს და მის ბანდას, თუ არა და, მზად ვართ, ქუჩაში გამოვიდეთ!
ის მოწოდებები, რაც სააკაშვილმა გააკეთა, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომაც მის წინააღმდეგ ახალი მუხლით უნდა აღიძრას საქმე - მოწოდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე!“ - განაცხადა ლალი მოროშკინამ.