საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. პროექტის მიზანია, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე ეტაპობრივი ავტორიზაციის ახალი ვადის განსაზღვრა.
„კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი არის სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაცია. მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული გვქონდა რომ მუნიციპალიტეტებს 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ეზრუნათ ეტაპობრივი ავტორიზაციის თაობაზე. ეს ვადა თავის დროზეც მჭიდრო იყო ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ლოგიკური იქნება ამ ვადის 2 წლით გახანგრძლივება, რათა საშუალება მიეცეთ მუნიციპალიტეტებს ამ საკითხის ეტაპობრივად გადაწყვეტა მოახდინონ“, - განაცხადა მომხსენებელმა გედევან ფოფხაძემ.
კანონპროექტის მიხედვით, 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.
„ამ კუთხით უკვე გაწეულია უზარმაზარი სამუშაო თუმცა, იმისთვის რომ იყოს სრული მზაობა და ავტორიზაციის პროცესის დაწყებისთვის ჩვენ გვქონდეს შესაბამისი შესაძლებლობები, მიზანშეწონილია აღნიშნული ვადის გახანგრძლივება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, პარლამენტის წევრმა, მირიან წიკლაურმა წარადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს სკოლის პედაგოგებისთვის, რაც შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35%-იან დანამატს ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, იზრდება ზოგადსაგანმანათლებლო და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა ის წრე, რომლებიც დღესდღეობით ვერ სარგებლობენ იმ შეღავათით, რითაც სარგებლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი. ესენია: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი, აგრეთვე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული ის პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.
„ცვლილება დაახლოებით 4800 პირს შეეხება, რომლებიც არიან არა პედაგოგიური არამედ ადმინისტრაციული კადრები, როგორც სკოლებში ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2016 წლის 11თებერვლის ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)“ N1 ცვლილება წერილ-შეთანხმება“ განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოყოფილი იყო 100მლნ ევროს ოდენობით რესურსი, საიდანაც 50მლნ ევრო გათვალისწინებული იყო სტიქიისა და სხვა გადაუდებელი აუცილებლობის დაფინანსებისთვის, 25 მლნ ევრო გათვალისწინებული იყო ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, კერძოდ - კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზის მშენებლობისთვის, ხოლო დანარჩენი 25 მლნ ლარი განკუთვნილი იყო სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში წვრილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის.
მომხსენებლის ინფორმაციით, 25მლნ ევრო „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის“ კომპონენტში გადატანილი იქნება „გადაუდებელი რეაბილიტაციის“ კომპონენტიდან, რომელზეც გათვალისწინებული იყო 50 მლნ ევრო. ასევე, 25 მლნ ევრო გადატანილი იქნება „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კომპონენტში.
„შესაბამისად, „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კომპონენტისთვის გათვალისწინებულია 75მლნ ევრო ხოლო „გადაუდებელი რეაბილიტაციის“ კომპონენტისთვის კი 25მლნ ევრო“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი განმარტებით, დოკუმენტიდან ამოღებული იქნება 2მლნ ევრომდე ღირებულების პროექტის განაცხადის ფორმის წარდგენის აუცილებლობა.
„პროექტის განაცხადი წარდგენილი იქნება მხოლოდ 5მლნ ევროზე მეტი პროექტის ღირებულების შემთხვევაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ საკითხებს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.