"საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდგომ, მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაასაჯაროვოს საქმის მტკიცებულებების ნაწილი, რათა პასუხი გაეცეს საქმეში მონაწილე ადვოკატების და საქმის პოლიტიზირებით დაინტერესებული პირების უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ განცხადებებს, რომელთა მიზანია საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა, ასევე საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულების პროცესის და პროკურატურის დისკრედიტაცია", - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"რეპორტიორი" გთავაზობთ პროკურატურის განცხადებას:
"საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ პასუხს ყველა იმ შეკითხვაზე რომელიც საინტერესოა საზოგადოებისთვის.
კითხვაზე, ბრალდებულები იყვნენ თუ არა დანაშაულის სუბიექტები?
ყველა დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას და ხელშეკრულების გაფორმებას, შედგენილი და ხელმოწერილია მსჯავრდებულების მიერ. სწორედ მსჯავრდებულების მოქმედებები, რომელთაც სრულყოფილად აღწერს საქმეში არსებული დოკუმენტები, გახდა სახელმწიფოსთვის წამგებიანი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი. კერძოდ, სწორედ აწ უკვე მსჯავრდებულების განზრახი დანაშაულებრივი ქმდებების გამო სამინისტრომ 6 720 877 ლარი გადაიხადა ქონებაში, რომლის ღირებულება არ აღემატება 2 618 005 ლარს.
2013 წლის 30 ივლისს, J-6 დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ კაიშაურმა წერილობით მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს - ზაზა ბროლაძეს და აცნობა, რომ დღის წესრიგში დადგა კოჯორი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანა, აპარატურის შეძენა და მონტაჟი. აღნიშნული წერილი რეაგირებისთვის ბროლაძის რეზოლუციით გადაეცა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს - გიზო ღლონტს და მინისტრის მოადგილის - ზაზა ბროლაძის მიერ დაევალა, რომ ჩაეტარებინა წინამოსამზადებელი სამუშაოები. პირველ რიგში გამოერკვია შეძლებდა თუ არა სამინისტრო შიდა რესურსით სამუშაოების ჩატარებას და მხოლოდ უარყოფით შემთხვევაში დაეწყო ბაზარზე სათანადო მიმწოდებლის მოძიება, სახელმწიფო შესყიდვის ეფექტიანად და ეკონომიურად განხორციელების მიზნით. თავდაცვის სამინისტროდან ამოღებული მასალებით ირკვევა, რომ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს არ მოუძიებია ინფორმაცია იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის აგების სამუშაოების განხორციელებას სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ ,,დელტა", შესაბამისად ფაქტია, რომ დეპარტამენტის უფროსმა გიზო ღლონტმა სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილის - ზაზა ბროლაძის მითითება. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სსიპ ,,დელტას" რესურსები და 2013 წლის პროექტები დეტალურად არის შესწავლილი მოცემულ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში და საექსპერტო კვლევის შედეგად დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ ,,დელტა", მის ბალანსზე არსებული მრავალრიცხოვანი, ფართო შესაძლებლობების ტექნიკის და ათასობით თანამშრომლის გამოყენებით შეძლებდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის ასაგებად საჭირო მიწის სამუშაოების ჩატარებას, რაც ფაქტობრივად მთლიანი ჩასატარებელი სამუშაოების 90% შეადგენს. შესაბამისად, სამინისტროს მიერ შესასყიდი დარჩებოდა მხოლოდ კაბელის კანალიზაციაში განთავსების მომსახურება და ცხადია ამ გზით დაიზოგებოდა სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარი (იხ. 2015 წლის 26 მარტის ექსპერტიზის დასკვნა დანართი №1 და 2015 წლის 8 დეკემბრის დასკვნა დანართი №2).
2013 წლის 19 აგვისტოს, J-6 დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ კაიშაურმა წერილობით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს - გიზო ღლონტს და მოითხოვა ხელშეკრულების გაფორმება თბილისი - ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანაზე, აპარატურის შეძენასა და მონტაჟზე. ნუგზარ კაიშაურის მოთხოვნას თან ახლდა მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადების ტექნიკური პირობები, რომელშიც აღწერილი იყო სამინისტროს მიერ შესაძენი მაგისტრალის აგების წესი. მაგალითად, ტექნიკური პირობების მიხედვით: მაგისტრალი აგებული უნდა ყოფილიყო ბრონირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, რომელიც უნდა მოთავსებული პოლიეთილენის შლანგში და ა.შ. (იხ. 2013 წლის 19 აგვისტოს წერილი დანართი №3) სწორედ ამ წერილის საფუძველზე დაიწყო შესაბამისი პროცედურების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტმა. კერძოდ, 2013 წლის 27 აგვისტოს გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ და არჩილ ალავიძემ კომპანიებს გაუგზავნეს წერილი შემდეგი შინაარსით: ,,გიგზავნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ქვედანაყოფებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიყვანის, ქსელური აპარატურის შეძენის და მონტაჟის მოთხოვნას, გთხოვთ არაუგვიანეს 2013 წლის 5 სექტემბრის 15:00 საათისა წარმოადგინოთ, დახურული პაკეტით, თქვენი პროექტი და დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვა წერილის დანართში მოცემული მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადების ტექნიკური პირობების (მაგისტრალის აღწერილობა) და დასამონტაჟებელი ქსელური აპარატურის ჩამონათვალის მიხედვით" (იხ. 2013 წლის 27 აგვისტოს წერილი დანართი №4).აქედან გამომდინარე ფაქტია, რომ კომპანიებს სამინისტროში უნდა წარედგინათ წინადადება სრული მაგისტრალის მიწოდების ფასზე. ამის შემდეგ მსჯავრდებულებმა ჩაატარეს სახელმწიფო შესყიდვის სხდომა, ისე, რომ კომპანიების წარმომადგენლებს დაუმალეს და არ გააცნეს ერთმანეთის წინადადებები, გარდა ამისა, კონვერტები წინასწარ გახსნეს იმისათვის, რომ წინასწარ ენახათ კომპანიების მიერ წარდგენილი ფასები. 2013 წლის 8 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც დასრულდა არაკონკურენტუნარიანი გარემოს პირობებში ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები, ბრალდებულებმა: არჩილ ალავიძემ, გიორგი ლობჟანიძემ და გიზო ღლონტმა შეადგინეს მოხსენებითი ბარათი მინისტრის მოადგილის - ზაზა ბროლაძის სახელზე, რომელშიც ფაქტები შეგნებულად დამახინჯებულად აღწერეს. (იხ. 2013 წლის 08 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი დანართი №5) მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდეს ისე, თითქოსდა ყველა კომპანიამ გააკეთა შეთავაზება ერთი და იგივე ქონებაზე, რომელთა შორის ყველაზე დაბალფასიანი იყო სს ,,სილქნეტის" წინადადება, მაშინ როდესაც სინამდვილეში სამი კომპანიის შეთავაზება ითვალისწინებდა მაგისტრალის მიწოდებას, სს ,,სილქნეტმა" კი მხოლოდ მაგისტრალში არსებულ კაბელში წვერები შესთავაზა სამინისტროს, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ყველა კომპანიას ერთი და იგივე ქონებაზე შეთავაზება არ გაუკეთებია. სწორედ ამ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაფორმების და თანხის გამოყოფის შესახებ. შესაბამისად ფაქტია, რომ მსჯავრდებულების ქმედებები, მათი გადაწყვეტილებები გახდა თანხის გაფლანგვის საფუძველი.
რა დანიშნულებით გამოიყო თანხა მთავრობის განკარგულებით და რაზე გაიხარჯა სინამდვილეში?
2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა წერილობით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა თავდაცვის სამინისტროსთვის ოპტიკის ხაზის (იგივე საკაბელო მაგისტრალი - უძრავი ქონება) შეძენის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა. წერილობითი მიმართვის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს მიერ მოხდა საკითხის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა. სხდომას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი. სხდომის შედეგად მიღებული იქნა განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროსთვის ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესაძენად 5 000 000 ლარის გამოყოფის თაობაზე. (იხ. 2013 წლის 26 დეკემბერის №2176 განკარგულება, დანართი №6) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №:57 დადგენილების თანახმად, ,,კავშირგაბმულობის ხაზი (ოპტიკის ხაზი) არის ხაზობრივი ნაგებობის სახეობა, ხოლო ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ქონება. შესაბამისად, მთავრობამ თანხა გამოყო უძრავი ქონების შესაძენად, სამინისტრომ კი, შეისყიდა უძრავ ქონებაში (მაგისტრალი) განთავსებული მოძრავი ქონების (72 წვერიანი კაბელი) მცირე ნაწილი (24 წვერი). (იხ. 2013 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულება დანართი №7). ამავდროულად მართალია, თანხის გამოყოფა მოხდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, თუმცა ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი იყო თავდაცვის სამინისტრო, სრული პასუხისმგებლობა აღნიშნული შესყიდვის კანონიერებაზე და შესყიდვისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვაზე ეკისრება სამინისტროს.
რა იყო დანაშაულის მიზანი და მოტივი?
ზოგადად, დანაშაულის მიზანი არის ის, რისი მიღწევაც სურს დამნაშავეს, ხოლო მოტივი არის ის, რის გამოც სურს დამნაშავეს ამ მიზნის მიღწევა.
როდესაც ვსაუბრობთ დანაშაულის სუბიექტურ ნიშანზე - მიზანზე, უნდა აღინიშნოს, რომ მცდარია დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ დამნაშავეს აუცილებლად უნდა ამოძრავებდეს სხვისი ქონების მისაკუთრების მიზანი, აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული მეორე დამოუკიდებელი დანაშაულის - მითვისების შემადგენელ ელემენტს, რაც შეეხება გაფლანგვას, ამ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებს ანგარებითი მიზნით, რაც ნიშნავს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით არა მხოლოდ საკუთარი ქონების უკანონოდ გაზრდას, არამედ სხვისი ქონების უკანონოდ გაზრდასაც. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენს მიერ დაწვრილებით აღწერილი ფაქტები პირდაპირ ადასტურებს, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცესში ბრალდებულების მხრიდან კანონიერი საფუძვლის გარეშე ენიჭებოდა უპირატესობა ერთ კომპანიას და შესაბამისად, ბრალდებულების მიერ კანონის ყველა უხეში დარღვევა მიმართული იყო სწორედ ამ კომპანიის მიერ მატერიალური სარგებლის მიღებისკენ. ყოველივე აღნიშნული კი, დანაშაულის ამ სუბიექტური ნიშნის არსებობის დადასტურებაა.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს როგორც j 6-ის, ასევე შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებს ჯერ კიდევ შესყიდვის ოფიციალურად გამოცხადებამდე (2013 წლის 27 აგვისტო) ოთხი თვით ადრე სისტემატიური სატელეფონო კავშირები ჰქონდათ სს „სილქნეტის" წარმომადგენლებთან, რაც მიუთითებს მათ ნაცნობობას და შესაბამისად ფაქტი, რომ საბოლოოდ აღნიშნული კომპანიის სასარგებლოდ გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, სწორედ ამ ურთიერთობების შედეგია. ფაქტია, რომ აღნიშნული ურთიერთობები გახდა ბრალდებულების მამოძრავებელი ძალა (მოტივი) საიმისოდ, რომ „სილქნეტს" მიეღო სარგებელი და მისთვისვე უპირატესობის მინიჭების მიზნით, გაფლანგულიყო სახელმწიფოს კუთვნილი - 4 102 872 ლარი.
რაც შეეხება ადვოკატების განცხადებას, რომ სახეზე არ არის დანაშაული, რადგან ამ პირებს მატერიალური სარგებელი არ მიუღიათ, განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის შედეგად მიიღებდნენ რაიმე სახის მატერიალურ სარგებელს, მათი ქმედება შეფასდებოდა არა როგორც გაფლანგვა, არამედ როგორც უფრო მძიმე დანაშაული - ქრთამის აღება (სსკ-ის 338-ე მუხლი).
დამნაშავე პირები იყვნენ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საჯარო მოხელეები, რომლებიც მათზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებისთვის ხელფასს იღებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად, მათ კეთილსინდისიერად უნდა შეესრულებინათ ვალდებულება და განეხორციელებინათ შესყიდვა. მათ მიერ განზრახ, კანონის უხეში დარღვევით ჩატარებულ შესყიდვას შედეგად მოჰყვა 4 102 872 ლარის გაფლანგვა.
რომელი ნორმატიული აქტი განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ჩატარების წესს?
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვის დეპარტამენტის შესახებ" დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულებს ჰქონდათ ვალდებულება, შესასყიდი ობიექტის ბაზარი გამოეკვლიათ იმ მიზნით, რომ ქონება შეესყიდათ სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი პირობით. შესაბამისად, სიცრუეა ადვოკატების განცხადება, რომ თითქოს სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის პროცესს კანონი არ არეგულირებს და ბრალდებულებს შეეძლოთ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ნება-სურვილის მიხედვით გაეფორმებინათ ხელშეკრულება ნებისმიერ მათთვის მისაღებ პირთან (იხ. ,,თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის დებულება დანართი №8).
სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკითხა 70-მდე მოწმე, გამოიკვლია 23 ტომი დოკუმენტალური მტკიცებულებები, 5 ექსპერტიზის დასკვნა და ერთი სახელმწიფო აუდიტის დასკვნა. (იხ. 2015 წლის 25 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა დანართი №9 და სახელმწიფო აუდიტის დასკვნა №10) გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობამ უპირობოდ შექმნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეულია კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა (ფინანსური, კომპიუტერული, სასაქონლო ექსპერტიზები), რომლითაც დასტურდება ბრალდებულების დანაშაული. კერძოდ, სასაქონლო ექსპერტიზის დასაბუთებული დასკვნით: ,,6 720 877 ლარის გადახდის სანაცვლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ მისაღები ქონების ღირებულება არის 2 618 005 ლარი". ფინანსური ექსპერტიზის დასკვნით, თავდაცვის სამინისტროს საკუთარი რესურსით შეძლებდა საკაბელო მაგისტრალის წვერების მომსახურებას, რაც 21 წლის განმავლობაში დაუჯდებოდა 82 009 ლარი. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, თავდაცვის სამინისტრო შეძენილი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საჭირო მიზნების განხორციელებას. დასკვნის ამ ნაწილის დასაბუთება არის საიდუმლოების შემცველი, რის გამოც დეტალურად ვერ განვიხილავთ აღნიშნულ საკითხებს. ჩატარებული აუდიტის დასკვნის მიხედვით, ,,სამინისტროს საკუთარი რესურსებით გაცილებით უფრო მოკლე ვადაში და მნიშვნელოვნად იაფად შეეძლო იმ სამუშაოების დიდი ნაწილის ჩატარება, რაც საჭირო იყო საკუთარი მაგისტრალის ასაგებად".
დაცვის მხარემ სასამართლოში წარმოადგინა არაკვალიფიციური პირების მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იყო სრულიად დაუსაბუთებელი - ეწინააღმდეგებოდა თავდაცვის სამინისტროდან ამოღებული დოკუმენტების შინაარსს, არსებითი ხასიათის შეცდომები იყო დაშვებული თანხების გაანგარიშების პროცესში. კერძოდ, არასწორად იყო დაანგარიშებული აპარატურის საბაზრო ღირებულება და რაც მთავარია ექსპერტს ზედმეტად ჰქონდა ჩათვლილი შენობა-ნაგებობის (უძრავი ქონება) ღირებულება, მაშინ როდესაც სამინისტროს ასეთი სახის ქონება არ მიუღია, ასევე სრული მაგისტრალის მომსახურების ღირებულება, მაშინ როდესაც სამინისტრომ ხელშეკრულებით მიიღო არა მაგისტრალის, არამედ მაგისტრალში არსებული წვერების მომსახურება. ასევე ექსპერტმა ზედმეტად დაიანგარიშა მომსახურე პერსონალის ხელფასი, მაშინ როდესაც ასეთი სახის პერსონალის არსებობა საერთოდ არ იყო საჭირო. აღნიშნული დარღვევები სასამართლო პროცესზე ექსპერტებმა აღიარეს კიდეც. გარდა ამისა, დასკვნის დასასაბუთებლად გამოყენებული იყო ლიტერატურა, რომელიც არ შეესაბამებოდა ექსპერტის მტკიცებას. შესაბამისად, მოსამართლეს კანონის შესაბამისად არ ჰქონდა უფლება გაეზიარებინა ასეთი სახის დოკუმენტი.
სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილი, დიდი ოდენობით - 10 000 ლარს ზევით თანხის გაფლანგვა სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. მოსამართლემ ბრალდებულებს განუსაზღვრა სასჯელის მინიმალური ზომა, სხვა სახის სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა მოსამართლეს კანონით არ ჰქონდა.
დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, პირის დამნაშავედ ცნობა და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, კანონით დადგენილი წესით. ამდენად, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს პატივი სცეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მხარეთა უფლებას, გაასაჩივრონ იგი კანონით დადგენილი წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.