logo_geo
eng_logo
„სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე“ დაკავებულ „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა
- +

6 დეკემბერი. 2018. 13:04

 

 

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა მაია სილაგაძემ განაცხადა, ნუგზარ ჯანჯღავას ყოველთვიურად 13 000 ლარს უხდიდნენ, რათა აღნიშნული თანხა გადაეცა გია თვალავაძისათვის, რომელსაც ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა ევალებოდა.

 

პროკურატურამ ჯანჯღავასათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

 

როგორც დაკავებულის ადვოკატმა ლალი აფციაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს და ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

 

ლალი აფციაურმა ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

 

ადვოკატმა სასამართლოში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც მას გულის პრობლემები და შაქრიანი დიაბეტი აქვს.

 

პროკურორი კი აცხადებდა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე. მისივე განმარტებით, ჯანჯღავას სხვა სახელმწიფოში მიმალვის საშუალება აქვს, რადგან ის საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა.

 

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულიად დააკმაყოფილა.

 

სუს-ის ინფორმაციით, თბილისსა და გორში აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

 

სუს-მა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცა 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნუგზარ ჯანჯღავას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner