„ბიძინა ივანიშვილი აქტიურ ბრძოლაში აპირებს ჩაბმას", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში. კოპალიანის თქმით, ოქტომბერში „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, მის მიერ გამოჩეკილი ძალებიც გაქრებიან.
„სხვა მის ადგილზე იმის მეათედსაც ვერ მოითმენდა, რასაც ეს კაცი ითმენს. ადამიანს სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია და პასუხად აქციებს და სიბინძურეების ძახილს იღებს. ასე ხომ არ შეიძლება. ივანიშვილმა თავისი ჯიბიდან 3 მილიარდი ამოიღო და საქართველოს მოახმარა. მას ოლიგარქად მოიხსენიებენ და ამ დროს პაატა ბურჭულაძეზე გაიძახიან, ქველმოქმედიაო. მისი ფონდი „იავნანა" მართალია, ვიღაცეებისთვის ბინებს ყიდულობდა, მაგრამ ეს ფული ხომ ბურჭულაძის ჯიბიდან არ ყოფილა ამოღებული. ამ ფონდში მთელი საქართველო რიცხავდა თანხებს. ივანიშვილი კი თავისი ფულით ეხმარებოდა ქვეყანას. მისნაირი კიდევ ერთი რომ ჰყავდეს საქართველოს, კარგად იქნებოდა ჩვენი საქმე.
არ ვიცი, რატომ დაასკვნა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, რომ ივანიშვილი საქართველოდან მიდის. მე რამდენადაც ვიცი, ის აქტიურ ბრძოლაში აპირებს ჩაბმას და ნაციონალების პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმანი უნდა დააჭედოს. ოქტომბერში ნაცმოძრაობასთან ერთად, მის მიერ გამოჩეკილი ძალებიც გაქრებიან", - განაცხადა კარლო კოპალიანმა.