logo_geo
eng_logo
ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში სუამი-კანადის შეხვედრა გაიმართა
- +

6 დეკემბერი. 2018. 22:49

 

 

მილანში მიმდინარე ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში გაიმართა სუამი-კანადის შეხვედრა. ეს იყო ამ ფორმატით გამართული პირველი შეხვედრა. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სუამის წევრი ქვეყნების აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ელმარ მამედიაროვმა, დავით ზალკალიანმა, ტუდორ ულიანოვიჩმა, პავლო კლიმკინმა, კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კრისტია ფრილანდმა და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

 

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში კანადასთან თანამშრომლობას და ხაზი გაუსვეს იმ მნიშვნელოვან პოტენციალს რასაც ეს ფორმატი იძლევა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით.

 

„ეს არის სრულიად ახალი ფორმატი და ეს შეხვედრა გახლავთ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის სუამის რეგიონში მიმდინარე პროცესები, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ისე იმ გამოწვევების მიმართულებით რაც არსებობს სუამის წვერი ქვეყნებისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი“- აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრის კომენტირებისას.

 

მისი თქმით კანადა გახლავთ საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი, ყველა საერთაშორისო ფორმატში, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, შესაბამისად მისი შეფასებით მნიშვნელოვანია რომ ეს თანამშრომლობა მომავალში გაღრმავდება სუამის მიმართულებით.

 

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს სუამი-კანადას ფორმატში თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები, „შევთანხმდით ბევრ ახალ მიმართულებებზე, რომელშიც შესაძლოა, როგორც ტრანსპორტის და ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე იმ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტების ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით იყოს აქტუალური ჩართულობა კანადის მხრიდან“ - განაცხადა მინისტრმა.

 

აღსანიშნავია, რომ სუამის ფარგლებში უკვე მოქმედებს სუამი-აშშ და სუამი-იაპონიის ფორმატები.

 

ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომა მილანში 6-7 დეკემბერს იმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner