საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს პარლამენტის წევრის ივანე კიღურაძის მიერ პარლამენტში წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე - აკადემიის წევრებისა და სამეცნიერო წრეების მიერ გულდასმით იქნა განხილული და მის მიმართ გამოიკვეთა გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება.
კანონპროექტის განხილვის დროს ხშირად აღინიშნება, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მეცნიერების განვითარებისთვის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მოხდა აკადემიის და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების აზრის სრული იგნორირება, თუმცა კანონპროექტის ავტორის რამდენიმე წინადადება რაციონალური და მოსაწონია. მაგალითად, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს აკადემიის აკადემიური საბჭოსთვის 2007 წლამდე დამკვიდრებული პრეზიდიუმის სახელწოდების დაბრუნება, ასევე მისასალმებელია აკადემიის სტატუსის ასამაღლებლად შემოტანილი წინადადება, რათა აკადემიის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ამავე დროს აკადემიის წევრთა უმრავლესობისთვის მიუღებელია კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება, რომელიც ეხება აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა სტიპენდიანტებით ჩანაცვლება. კანონპროექტის თანახმად, წევრ-კორესპონდენტებისგან განსხვავებით, სტიპენდიანტები მხოლოდ 5 წლით აირჩევიან, თანაც სტიპენდიანტად ასარჩევი პირის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაათ წელს და ერთი და იგივე პირის სტიპენდიანტად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. ამევე დროს, წევრ-კორესპონდენტებთან შედარებით, აკადემიის სტიპენდიანტების უფლებები შეზღუდულია - ისინი აკადემიის საერთო კრებაზე მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობენ. უფრო უპრიანი იქნებოდა აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა რაოდენობის აღდგენა (სწორედ ამ წინადადებით აკადემიამ შარშან მიმართა პარლამენტს), ხოლო პარალელურად - აკადემიის სტიპენდიანტებად 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მეცნიერთა არჩევა. თუ გვინდა შევაჩეროთ ქვეყნიდან ტვინების გადინენა, ორიენტაცია უნდა იყოს მიმართული სწორედ ამ ასაკის მეცნიერებზე.
გასაკვირია, თუ რით არის გამოწვეული არსებული კანონის მერვე მუხლში მოყვანილი აკადემიის პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვა და მათი აკადემიის წესდებაში გადატანა. კერძოდ, ეს ეხება აკადემიის პრეზიდენტის მიერ აკადემიური საბჭოს (პრეზიდიუმის) წევრობის კანდიდატების აკადემიის საერთო კრებისთვის დასამტკიცებლად წარდგენას. ასევე, აკადემიის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ასაკთან დაკავშირებით ცვლილება გაუთვლელი და დაუსაბუთებელია, მეტიც, უფრო პიროვნულია. აქ აღსანიშნავია თუნდაც ის ფაქტი, რომ 2005 წელს ბატონმა ივანემ აკადემიის პრეზიდენტად არჩევნებზე აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს დაუჭირა მხარი, რომელიც იმ მომენტში 76 წლის იყო.
სრულიად გაუგებარია, რით არის გამოწვეული თუნდაც მესამე მუხლის პირველი პუნქტის ახალი რედაქცია, რომელიც შინაარსობრივად ძველისგან არაფრით განსხვავდება.
არ გვინდა, რომ მკითხველს დარჩეს იმის შთაბეჭდილება, რომ აკადემიის წევრები აკადემიაში რეფორმების გატარების წინააღმდეგნი არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, აკადემიიდან წამოსული რამდენიმე წინადადება დაიბლოკა სწორედ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში. პირველ რიგში ეს ეხება მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების აღდგენას; ევროკავშირში ეს საკითხი კონკრეტული ქვეყნის პრეროგატივას წარმოადგენს და ამჟამად ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 20-ში არსებობს ან აღდგა ასეთი ხარისხის მინიჭების პრაქტიკა, თანაც რამდენიმე ქვეყანაში ხარისხს სწორედ მეცნიერებათა აკადემიები ანიჭებენ.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მომავალ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი თავიდანვე უფრო ახლო კონტაქტს დაამყარებს აკადემიასთან და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, პერიოდულად დაინტერესდება ჩვენი ქვეყნის მეცნიერთა საქმიანობით, მათი მიღწევებით და პრობლემებით და რაც ძალზე საშურ საქმედ მიგვაჩნია, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ახალგაზრდა თაობის განათლების პრობლემებს", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
აკადემიკოსი შოთა სამსონია;
აკადემიკოსი ნოდარ მითაგვარია;
აკადემიკოსი გიორგი თავაძე;
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვლადიმერ ციციშვილი;
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლევან ჯაფარიძე;
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე დიდებულიძე;
გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ნიკოლოზ ჩიხრაძე;
რ. დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი ტექნ. მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ნატრიაშვილი;
რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი აკად. დოქტორი გიორგი ტატიშვილი.