ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარლამენტის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. გაჩეჩილაძის აზრით, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს საშუალებას, ობიექტური და პოლიტიკისგან დაშორებული გადაწყვეტილებები მიიღოს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ცვლილებას მხარი დავუჭირე პარლამენტში, იმიტომ რომ ეს ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს საშუალებას, უფრო ობიექტური და პოლიტიკიდან დაშორებული გადაწყვეტილებები მიიღოს. უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ირჩევენ თავმჯდომარეს. აქამდე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეთანხმებით უნდა წასულიყო კანდიდატურა და ა.შ. ამ ცვლილებების შედეგად, ორივე - პრეზიდენტის ინსტიტუტიც და პარლამენტიც ჩამოშორდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევნების საკითხს" , - განაცხადა გაჩეჩილაძემ.