logo_geo
eng_logo
ბორჯომში შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
- +

7 დეკემბერი. 2018. 17:13

საქართველოში აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ბორჯომში, 4-5 დეკემბერს შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის სამუშაო ჯგუფისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა საქართველოში ტრეფიკინგის გამოვლენის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თავისებურებებზე, მიღწეულ შედეგებზე და გამოწვევებზე  ისაუბრა. ყველა მონაწილე უწყებამ წარმოადგინა მოხსენება შრომითი ტრეფიკინგის შესახებ.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველომ შეხვედრის მონაწილეებს ტრეფიკინგის სისხლის სამართლის საქმეების 2017-2018 წლების ანალიზი წარუდგინა. 2018 წლის იანვარში პროკურორებისთვის განახლდა სახელმძღვანელო პრინციპები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა მოპყრობის შესახებ. სამუშაო შეხვედრაზე ამ რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის შედეგები განიხილეს.

 

სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩართულ მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, კოორდინატორი სამართალწარმოების პროცესის მონაწილე გახდა და აღიჭურვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით.

 

შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები, რომლებიც გაეცნენ ტრეფიკინგის მსხვერპლებთან ურთიერთობის საერთაშორისო სტანდარტებს. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვა ტრეფიკინგის საქმეებში პრიორიტეტულად განხორციელდება.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას,  ტრეფიკინგთან ეფექტიანად ბრძოლის უზრუნველსაყოფად.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს პირველ კალათაში ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო განაგრძობს მტკიცე და შეუქცევად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის დადებით შეფასებას - ოთხშკალიანი რეიტინგული სისტემის პირველ, უმაღლეს კალათაში ყოფნას. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო წელს ერთადერთია, რომელიც პირველ კალათაში მოხვდა.

 

საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, 2017 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ შემდეგი უწყებები: საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner