„თუ სახელმწიფოს შენება გვინდა, ამ ახალ რეალობაში ჩვენ-ჩვენი ადგილები უნდა მოვძებნოთ და პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ, თუ არადა, ეს ცხოვრება მაინც გაგრძელდება და ბევრი მათგანი უბრალოდ, ოფსაიდში დარჩება ყველა იმ მოვლენისგან, რომელიც განვითარდება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზვიად კვაჭანტირაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„პრაქტიკულად, ყველამ აღიარა, რომ საქართველოში არჩევნები გამჭვირვალედ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება თითქმის 20%-იანი სხვაობით მოიპოვა და ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, როგორ შეიძლება, ასეთ პირობებში არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა და ა.შ. ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ღრმად არის დარწმუნებული, რომ ხელისუფლებასა და ახალარჩეულ პრეზიდენტს შორის თანამშრომლობა შედგება, რაც ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
„ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ძალიან წარმატებული იქნება და ქვეყანას ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.