კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი სოციალურ ქსელში წერს:
„აქტუალური გახდა თელავში ინაუგურაციის თემა.
გავბედავ და ვიტყვი - ყველანაირი პარალელი გეორგიევსკის ტრაქტატთან ყურით არის მოთრეული...
ასეც რომ იყოს, კარგად დავიმახსოვროთ:
არ ყოფილა შემთხვევა, ბომბი ერთი და იგივე ადგილას ორჯერ ჩამოვარდნილიყოს...
რაც შეეხება ერეკლესა და მისი გადაწყვეტილების გაუთავებელ კრიტიკას, მე ვიტყვი ჩემსას და არავის გახვევთ თავზე:
ორი (თუ არა სამი) ბოროტებიდან ერეკლემ ნაკლები (რუსეთი) აირჩია. რუსეთის იმპერიაც დიდი ბოროტება იყო, მაგრამ რაღაცნაირად, მაინც გადავრჩით - გადავრჩით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს, და მასთან ფარულად შეკრულ ჩვენს მცირე მეზობლებს, ჩვენი სრული მოსპობა ქონდათ გადაწყვეტილი. რუსთ იმპერიამ ჩათვალა, რომ ქართველისგან თანდათანობით უნდა ჩამოყალიბებულიყო რუსი - მაგრამ ჩვენი ასეთი გადაგვარება მათ (ძირითადში) ვერ მოახერხეს. გაავლეთ პარალელი თურქეთში ჩარჩენილ საქართველოსთან - სად მეტი, სად ნაკლები.
აქ ჩვენ ჩვენი ქართული კულტურა შევინახეთ.
იქ ვერა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იქ იყო გრიგოლ ხანცთელის და სხვა ჩვენი დიდი მოღვაწეთა შექმნილი ცენტრები და ქართული მოსახლეობაც იყო (და ახლაც არის) ბევრად მეტი.
რაც არ უნდა ვთქვათ, ქრისტიანობამ (მართლმადიდებლობამ), თავისი დიდი საქმე გააკეთა, თუმცა რუსული ეკლესია არ იყო თვით იმპერიაზე ნაკლებად აგრესიული ჩვენი მართლმადიდებლობის მიმართ. მას ქართველთათვის ე.წ. „რუსული მართლმადიდებლობა“ (ასეთიც არსებობდა თურმე) უნდოდა, და არ ცნობდა არაფერს ჩვენსას - ქართულად მსახურება და ქართულად გალობა აკრძალა, ჩვენი ფრესკები გადაღება - და ა.შ... მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მათ მაინც გადავურჩით.
მართლმადიდებლობამ გადაგვარჩინა.
........
უნდა ვიცოდეთ: ერეკლეს გადაწყვეტილება რომ არა, დღეს სვეტიცხოველს, ალავერდს, ბოდბეს და ყველა სხვა ეკლესიას ან მეჩეთებად გადააკეთებდნენ, ან დაანგრევდნენ (იხ. თურქეთის საქართველო), ჩვენ კი, ვინც ცოცხალი შერჩებოდა (ქართველყოფილები), სიამაყით ვიტყოდით, რომ სწორი რელიგია მივიღეთ და სამშობლო ალლაჰს დავუბრუნეთ, რომ ადრინდელი გურჯები წარმართები, ანუ ქრისტიანები იყვნენ, რომ მათ არც ნამდვილი რელიგია, არც ნამდვილი დედათურქული იცოდნენ და რაღაც ძველ ენაზე გაუგებრად მეტყველებდნენო (ასე იხსენებს ზოგი აზერბაიჯანელი თავის წინაპრებს - ალბანელებს).
აი ეს "დანაშაული" მიუძღვის ერეკლეს!
ერეკლემ (თავისი წინაპარი მეფების მსგავსად) არ ქნა და არაფრით არ გაამუსულმანა გიურჯისტანი და არ შეაქმნევინა თურქებს ერთიანი თურქეთი - კასპიიდან ხმელთაშუამდე!
ამის პატიება, რა თქმა უნდა, ძნელია, ძალიან ძნელი. ...
რაც შეეხება ამ შაითან ერეკლეს დანაშაულს დიდი ირანისა და დაღესტნის მიმართ, მისი უთვალავი ბოროტების აღწერა მხოლოდ ვინმე დიდ აიატოლას თუ შეუძლია - ეს ჩვეულებრივ მოკვდავს არც კი ძალუძს. აბა წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება ცხენზე იჯდა და ეომებოდა ვის? - მათ, მისაც ამ გიაური გურჯებითვის სინათლის მოტანა უნდოდა!
დღეს კი გამოდიან ვიღაცეები და აქებენ და ადიდებენ ამ ერის მოღალატეს, კაცს, რომელმაც გურჯები ევროპისკენ წაიყვანა და არა მექისა და ბაღდადისკენ!...“ - წერს ბუბა ხოტივარი