ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:
„რამდენიმე დღის წინ წმინდა პანტელეიმონის ტაძარში ავედი ზემო ვერაზე, ყველაზე ხშირად ამ ტაძარში დავდივარ, მას შემდეგ რაც 9 აპრილს დაღუპული გმირი ნათია ბაშალეიშვილი ვერეს სასაფლაოზე დაიკრძალა (ნათიას საფლავზეც ხშირად მივდივარ და ყოველთვის ზეპირად ერთ ლექსს ვეუბნები, მაგრამ ამაზე სხვა დროს) და ეკლესია რომელიც კინო ფირების საწყობად იყო ქცეული საბჭოთა ხანაში, 9 აპრილის შემდგომ თავისი ფუნქცია დაუბრუნდა, შიგნით ახალი ფრესკები მოიხატა, თან ტაძრის სიმაღლიდან ზოგჯერ კოლხურ კოშკსაც გადავხედავ ხოლმე, ხშირად დავდივარ, მაგრამ არავის ვიცნობ მრევლიდან, ჩემთვის ვდგევარ და რაც მთავარია ამ ტაძარში ყოფნა მომწონს...ეხლაც უნებლიედ წავედი და არ ვიცოდი რომ ღვთისმშობლობა იყო, რამდენიმე უცნობმა ადამიანმა არჩევნებში გამარჯვება მომილოცა, მერე მღვდელმა ზეთი მაცხო და წითელი ღვინით ნაპკურები პურიც გამომიწოდა... უკვე საღამო იყო რომ ვერის დაღმართზე დავეშვი და რუსთაველზე ისევ ელავდნენ ლამფიონები, მთელი გამზირი ფეხით გავიარე და ახლა ქაშვეთში შევედი, გუმბათს ავხედე ოდნავ მბჟუტავ შუქ-ჩრდილებში თეთრად ელავდა გუმბათი, გარედან კი ისევ ამჩნევია ტყვიის კვალი....და აი მრავალი წლის შემდეგ (დაკრძალვის მერე აღარც ვყოფილვარ) გია ჭანტურიას საფლავზე მივედი...დიდი თეთრი მარმარილოს ლოდიდან მხოლოდ მისი სახელი და გვარი ამოვიკითხე და საშინელ სევდიან ხასიათზე დავდექი, ცოტაც და ალბათ ცრემლი წამომივიდოდა... ქაშვეთის ეზოდან სიბნელეში მთავრობის სასახლის სვეტები ოქროსფრად ანათებდნენ, სადაც გუგუნებდა ხმა ეროვნული მოძრაობის ლიდერთა.... მერე კი, ედეპე, რომელიც საშინელ საყრდენ ძალად იქცა თავისუფალი საქართველოს წინააღმდეგ! მეხუთე კოლონა, ორად გაყოფილი შემზარავი ბარიკადებით! ედეპე 2 სექტემბრის პროვოკაციის შემოქმედი, ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ მშვიდობიანი აქციების დამრბევი და დამხვრეტი... და ბოლოს თავად დახვრეტილი გიაც! გია მერაბის და ზვიადის თანამებრძოლი, მათი სულიერი მოწაფე და შვილი და ბოლოს ნაღალატევ და ორგულ ძედ გადაქცეული... საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოძულედ ქცეული, რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ როცა გაიგო ზვიადი აღარ იყო ამ ქვეყნად მაშინ პატარა ბავშვივით ატირებულა გია, რომლის მღელვარე და ემოციურ გამოსვლებს ავტომატის ჯერით ჩაახშობენ... ასე დასრულდება თავგანწირულ დისიდენტთა უკომპრომისო ბრძოლა, ჩვენ კი დავრჩებით უპატრონო შვილებად, სევდიანი მოგონებებით და დღემდე საკუთარ თავს რომ უსვამ კითხვას რა მოხდა? რატომ მოხდა ასე? ამ საშინელი ღალატის მოგონებების ფონზე კი სადღაც შორს 1988 წლის ქორონიკონში მოგონებად ტივტივებს სულ სხვა გია, მომღიმარი მოუსვენარი ჭაბუკი, შუბლზე ხალით, რომელიც სულის მოუთქმენლად საუბრობდა მეგაფონში, მაშინ ხალხს ძალიან უყვარდა ისიც მერაბთან და ზვიადთან ერთად...
მის საფლავზე კი ხმადაბლა ჩავძახე: ახლა სხვა საქართველოს დროა! ომი დასრულდა გია!“ - წერს შონია.