logo_geo
eng_logo
„საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალური ფორუმის პანელი სხდომა - ფისკალური დეცენტრალიზაცია
- +

8 დეკემბერი. 2018. 02:15

 

საქართველოს პარლამენტი „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალურ ფორუმს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში საერობო (თვითმმართველობის) არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.  

 

ფორუმის ფარგლებში თემატურიპანელები გაიმართა. ერთ-ერთი პანელი კი ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე მსჯელობას მიეძღვნა.

 

„ჩამოყალიბდა დიალოგის ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა თვითმართველობის რეფორმას. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება რომ გააცნოს საკუთარი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რის დაგეგმვასაც აპირებს“, - აღნიშნა პანელის მოდერატორმა, ექსპერტმა სამართლებრივ საკითხებში, ალექსანდრე სვანიშვილმა. მისი თქმით, ფისკალური დეცენტრალიზაციის პანელის მიზანია წინ იქნას წამოწეული ის თემები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ თვითმმართველობებმა რეალურად შეძლონ  თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელება.

 

„ფორუმი გვაძლევს საშუალებას რომ მომავალში თვითმმართველობების, რეგიონების განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას“, - სულხან მახათაძემ. მან სიტყვით გამოსვლისას თვითმმართველობების განვითარების სტრატეგიაზე, ასევე, ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას როგორც საკანონმდებლო ასევე, ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რათა თვითმმართველობებს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს იმისა, რომ მათ ადგილზე განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებები. მისი თქმით, თვითმმართველობებს საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, არასაკმარისი ფინანსური რესურსი გააჩნიათ.

 

„დეცენტრალიზაციის პროცესის განხორციელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა არის მუნიციპალიტეტების ფისკალური დამოუკიდებლობა. ადგილობრივი კოდექსის მიღების შემდეგ ყველაზე პრობლემურ საკითხად კვლავ რჩება საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად არასაკმარისი ფინანსური რესურსები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საკუთარი რესურსების გენერირების მცირე უნარი და გათანაბრებითი ტრანსფერი“, - აღნიშნა სულხან მახათაძემ.

 

დეპუტატის განცხადებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალი სისტემის შესაბამისად, რომლის თანახმად, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაზრდილია 2019 წლის ბიუჯეტი, საიდანაც  თვითმმართველობების დაფინანსება მიემართება დღგ-დან მიღებული შემოსავლების ფიქსირებული 19%-ით. მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ. 

 

სულხან მახათაძის თქმით, საქართველოში დღეს არსებული თვითმმართველობის დაფინანსების სისტემა არ ახდენს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივობის  სტიმულირებას.

 

„მისი სუსტი მხარეა ის, რომ მთლიანად ორიენტირებულია მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიუჯეტში არსებული თანხების განაწილებაზე და არა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გზით მათი საკუთარი შემოსავლების   ზრდაზე“, - განაცხადა მომხსენებელმა. მან მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივობისთვის აუცილებელ მექანიზმებზეც ისაუბრა.

 

 

„ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის პოლიტიკა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია. სწორედ, ფინანსური დეცენტრალიზაცია ქმნის მექანიზმს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებისთვის მომგებიანი გახდეს ეკონომიკური აქტივობა“, - განაცხადა სულხან მახათაძემ.

 

პარლამენტის წევრმა ირაკლი აბესაძემ ბიუჯეტირებისა და მისი დაგეგმვის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, პატარა რეგიონებში ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ვერ ხერხდება, კაპიტალური პროექტების გათვალისწინება და დაგეგმვა რადგან მათ არ აქვთ ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ  მომავალი წლის კაპიტალური პროექტები დაგეგმონ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა ფისკალური დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მომავალი წლიდან ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები.

 

„ინდივიდებზე არ იქნება დამოკიდებული თუ რამდენი თანხა და რის საფუძველზე უნდა მიეცეს მუნიციპალიტეტს. ყველაფერი ეს  გათვალისწინებული იქნება საკანონმდებლო დონეზე. მუნიციპალიტეტს მეტი შესაძლებლობა ექნება იმისა, რომ  მრავალწლიანი დაგეგმვის პრინციპზე გადავიდეს“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა. 

 

მისი თქმით უნდა შეიქმნას ისეთი შესაძლებლობა, რომ ადგილზე წარმოიშვას დამატებითი ფინანსური რესურსი.

 

„რომ მუნიციპალიტეტს რომელიც განსახორციელებლად თავის თავზე აიღებს დამატებით ვალდებულებას თუ უფლებამოსილება, მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს თავისი ფინანსური რესურსი ამის შესასრულებლად“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

 

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

„აქტიურად მიდის მუშაობა მთავრობის მიერ დაანონსებულ რეფორმაზე, რომელიც დეცენტრალიზაციას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო გრძელვადიან სტრატეგიაში ავსახავთ დამოუკიდებელ მოდელს იმისა, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა როგორც ბიუჯეტის ხარჯვით ისე დაგეგმარებით ნაწილში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. მისი თქმით, სამუშაოა გასაწევი იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო მეტი დეცენტრალიზაცია იყოს განხორციელებული. 

 

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება თითოეული მუნიციპალიტეტისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასეთი ფორმატებით და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მეტი კომუნიკაციით, გვექნება წარმატებული მექანიზმები შემუშავებული გრძელვადიან სტრატეგიაში და მივალთ იმ მოდელზე, რომელიც იქნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

 

ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტის დავით ხოსრუაშვილის თქმით,მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო რეფორმა და ამ მიმართულებით გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები.  მისივე თქმით, აუცილებელია თვითმმართველობები იმ უფლებამოსილებების განხორციელებაში, რომელიც მათ დღეს აქვს იყვნენ დამოუკიდებლები. 

 

„ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ ფისკალური დეცენტრალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, რადგან ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა არის საწინდარი იმისა, რომ  ქვეყანაში მმართველობა იყოს მაღალ დონეზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ კიდევ გადასადგმელი გვაქვს“, -განაცხადა  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

 

მან ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლის განხორციელებაც 2019 წლიდან ამოქმედდება. მისი თქმით ეტაპობრივად ფუნქციების დეცენტრალიზაციასთან ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რესურსების დეცენტრალიზაცია მოხდეს.

 

„რესურსებში იგულისხმება არა მხოლოდ ფულადი არამედ, ის ეკონომიკური რესურსები, რომელიც შესაძლებელია გადაცემული იქნას მუნიციპალიტეტზე. ფუნქციების გადაცემასთან ერთად უნდა იყოს ფინანსების მაქსიმალური დეცენტრალიზაციაც, იმისთვის რომ ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ადეკვატური დაფინანსების საშუალება.    ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტრო მზად არის რომ ჩართული იყოს მუშა პროცესში. ვფიქრობთ, მომავალი წლის შუა პერიოდამდე იქნება საბოლოოდ გრძელვადიანი ხედვა ჩამოყალიბებული თუ როგორ უნდა გადავიდეთ დეცენტრალიზაციის ახალ მოდელზე“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

 

პანელი შეხევდრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

 

ფორუმზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს თვითმმართველი ქალაქების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ქვეყნის ყველა რეგიონიდან, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

 

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, დაარსდა. ფორუმის ხელშემწყობები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), World Vision და დანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner