logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ეს არჩევნები იყო იმის დადასტურება, რომ საქართველოში ამომრჩეველი გაცილებით პასუხისმგებლიანი ხდება
- +

8 დეკემბერი. 2018. 03:07

 

 

„ეს არჩევნები თავისთავად იყო იმის დადასტურება, რომ საქართველოში არა მხოლოდ დემოკრატიული პროცესები ვითარდება, არამედ საკუთარი არჩევანის გამო ქვეყნის წინაშე თვითონ ამომრჩეველიც გაცილებით პასუხისმგებლიანი ხდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზვიად კვაჭანტირაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ამას ნიშნავდა მეორე ტურის გარდაუვალობა, ეს იყო უდიდესი გაკვეთილი ქვეყნის დემოკრატიისთვის და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა – ხელისუფლებისთვის. მიმაჩნია, რომ მეორე ტური, შესაბამისად, დამდგარი შედეგებიც, რომელიც ხელისუფლების მიმართ ძალიან დიდი ნდობის კრედიტია, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატს ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

მისი თქმით, ამაზე ბევრი ითქვა და ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რომ ხელისუფლება უკვე ნელ-ნელა დაუახლოვდა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მას საშუალებას მისცემს, უკეთესი ხელისუფლება იყოს.

 

„ვგულისხმობ ახალ კონსტიტუციას, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ შედის და მათ შორის, ვგულისხმობ სულ ახლახან მიღებულ პარლამენტის ახალ რეგლამენტს, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს იმ ახალ მოცემულობას, რასაც საპარლამენტო რესპუბლიკა ჰქვია და სადაც პარლამენტის უფლებამოსილებები, მისი მაკონტროლებელი ფუნქციები გაცილებით გაზრდილია“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ არჩეულ პრეზიდენტს, მომავალი ექვსი წლის განმავლობაში, თავისი როლი და ფუნქციები სიღრმისეულად აქვს გათვითცნობიერებული.

 

„მან განაცხადა, რომ მისი მისია ერის გამთლიანება იქნება, რაც, თუ ბოლო არჩევნების მიმდინარეობას კრიტიკულად შევხედავთ, გარკვეულწილად, რაღაც გამოწვევების წინაშე დადგა“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, პირადად ის ამაში დიდ ტრაგედიას ნამდვილად ვერ ხედავს, რადგან საპრეზიდენტო მარათონები გაცილებით მწვავედაც წარმართულა მოწინავე დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც საბოლოოდ, სახელმწიფო მეთაურის სავარძელს ძალიან მცირე უპირატესობით გამარჯვებული იკავებს ხოლმე.

 

„თუნდაც, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო სცენარი რომ გადავფურცლოთ, როგორ ვითარდებოდა, იქ რომ დაძაბულობა იყო, ისეთი ისტორიას არ ახსოვს, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, ოპონენტები ოპონენტებად დარჩნენ და ხელისუფლების კრიტიკას აგრძელებენ, მაგრამ პრეზიდენტი ქვეყანას მართავს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner