„პანორამა თბილისის“ მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა და ორ შენობას შორის საბაგირო ხაზის მონტაჟი დაიწყო.
როგორც M2B-ს თანაინვესტირების ფონდიდან აცნობეს, საბაგირო ხაზის საინვესტიციო მოცულობა $10 მლნ-ს შეადგენს და ის 2019 წელს დასრულდება. საბაგიროს 34 გონდოლა ექნება და საათში 1000 ადამიანის მომსახურება შეეძლება.
„პანორამა თბილისის“ მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მას თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება $360 მლნ-ს შეადგენს და 3 ნაწილისგან შედგება.
თავისუფლების მოედანზე, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილას სასტუმრო Autograph collection დასრულების ეტაპზეა. მისი საინვესტიციო ღირებულება $100 მლნ-ს უდრის. სასტუმროს 220 ლუქს კლასის ნომერი ექნება.
მის გარდა, პროექტი კიდევ 2 სასტუმროს ითვალისწინებს სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. სოლოლაკის ქედის სასტუმრო ყველაზე მასშტაბური და ძვირად ღირებულია - $200 მლნ. ტერასებად განლაგებული ერთ- და ორსართულიანი აპარტამენტები ერთმანეთს დახრილი ლიფტით დაუკავშირდება. სასტუმროს 370 ნომერი და 1000-კაციანი საკონფერენციო დარბაზი ექნება. კომპლექსი ითვალისწინებს პლანეტარიუმს, აკვარიუმს, საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნებს, რომლებსაც, თავის მხრივ, საბაგირო ხაზი Autograph collection-თან დააკავშირებს. მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია 30 000 ხის დარგვა, მათი ნაწილი უკვე დაირგო.
თაბორის მთაზე კი $60 მლნ-იანი 80-ნომრიანი „თაბორი რეზორტსი“ განთავსდება, რომელსაც საკუთარი ხელოვნური ტბა და გოლფის მოედანი ექნება.
კომპლექსის დასრულების შემდეგ, გეგმის თანახმად, 2000 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნაა გათვალისწინებული.
თანაინვესტირების ფონდის დასრულებული პროექტებიდან ყველაზე მასშტაბურია „გალერია თბილისი“ - $100 მლნ, დასასრულს უახლოვდება „აქსის თაუერსი“ - $90 მლნ.