„მე მაქვს კითხვა - რითი ხელმძღვანელობენ ეს ადამიანები, როდესაც საუბრობენ ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენის დაუსაბუთებლობაზე, როდესაც ეს განაჩენი ჯერ თვალით არავის უნახავს?" - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც დიპლომატებს ე.წ. კაბელების საქმეზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ისე, რომ ჯერ სასამართლოს მიერ გამოცხადებულია მხოლოდ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი და ჯერ არ გამოქვეყნებულა სამოტივაციო ნაწილი, რიგი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის და სხვათა მხრიდან საჯარო ეთერის საშუალებებით ეს გადაწყვეტილება უკვე მონათლულ იქნა უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებად. მე მაქვს კითხვა - რითი ხელმძღვანელობენ ეს ადამიანები, როდესაც საუბრობენ განაჩენის დაუსაბუთებლობაზე, როდესაც ეს განაჩენი ჯერ თვალით არავის უნახავს? ცალსახაა, რომ ამ ხალხს ამოძრავებს პირადი მოტივაცია, რათა ამ საქმეს მისცენ პოლიტიკური ელფერი, მოახდინონ მართლმსაჯულების და პროკურატურის დისკრედიტაცია. სწორედ იმ მიზნით, რომ არ მოხდეს თქვენი შეცდომაში შეყვანა ამ საქმის რეალურ გარემოებებთან მიმართებაში, ვიდრე გექნებათ საშუალება, გაეცნოთ გამამტყუნებელ განაჩენს, წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ მტკიცებულებებზე, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე სასამართლოში ითხოვდა ბრალდებულების დამნაშავედ ცნობას. თქვენ გქონდათ გუშინ შეხვედრა დაცვის მხარესთან, დღევანდელ შეხვედრაზე გექნებათ შესაძლებლობა, შეადაროთ ჩვენი და მათი არგუმენტები და ამ არგუმენტების დასაბუთებულობა", - მიმართა ირაკლი შოთაძემ დიპლომატებს.