logo_geo
eng_logo
ლია ორკოდაშვილი: საქმეების გადადების გამო, თავს დამნაშავედ ვგრძნობ
- +

25 თებერვალი. 2016. 00:21


 

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლია ორკოდაშვილის თქმით, მოსამართლეები იძულებულნი არიან განსახილველი საქმეები გარკვეული ვადით გადადაონ, რადგან ამჟამად სასამართლოში გატარებული არაეფექტური მენეჯმენტის გამო, შესაბამისი პირობები არ არსებობს.


„მე ვერ ვხედავ გამართლებას და არ ვარ მომხრე, რომ ყოფილ მაღალი თანამდებობის პირთა საქმეები უფრო სწრაფად იხილებოდეს, ვიდრე რიგითი პიროვნებების საქმეები, თუნდაც ის პატიმარი არ იყოს, რადგან სანამ პიროვნების მიმართ განაჩენი დადგება, ის დიდი სტრესის ქვეშაა. არადა, საქმეთა სიმრავლის პირობებში, საქმეთა გადადება გვიწევს. მე პირადად, საპატიმრო საქმეებს ერთი თვის იქით, ხოლო არასაპატიმროებს ორი თვის იქით ვდებ. საქმეების გადადების გამო, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. არადა, ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება." - განაცხადა მოსამართლემ გადაცემაში 2030 და აღნიშნა, რომ სასამართლო ახალი ხელისუფლების პირობებში ბევრად დამოუკიდებელია.


„ჟურნალისტებს მოვუწოდებ, ნახონ, ამჟამად, რა სახის გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო, როგორია სტატისტიკა, რამდენი გამამართლებელი განაჩენი დგება, რამდენად შემცირდა საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება და ა. შ. სასამართლოს საკმაოდ ბევრი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება გამოაქვს. მაგალითად, რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგა ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ?! სასამართლოზე რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდეს, რაზეც არასამთავრობოები საუბრობენ, როგორ გგონიათ, მოსამართლეები ასეთი განაჩენების გამოტანას შეძლებდნენ?!" - აღნიშნა ორკოდაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner