ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებებით შესაძლო ინოტქსიკაციის შემთხვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "მანდალა - ზიანის შემცირება" ღამის კლუბებში პრევენციულ აქციას ატარებს და კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებების ტესტერებს უფასოდ არიგებს. ამის შესახებ ორგანიზაციამ Facebook-ზე დაწერა.
ორგანიზაციის ცნობით, ასეთი აქციები მათ უკვე ჩაატარეს ღამის კლუბებში "მტკვარზე" და „ხიდი".
როგორ მუშაობს ტესტერები - ამის შესახებ imedinews-მა ორგანიზაციას ჰკითხა:
„ვიღებთ მაგ: MDMA-ს რეაგენტს და ვაწვეთებთ სინჯარაში, შემდეგ შევურევთ მასში ერთ ნამცეც მდმა-ს და ველოდებით 1 წუთს. მიღებული შეფერილობა კი პალიტრის დახმარებით გვეუბნება არის თუ არა ეს ნივთიერება ნამდვილად მდმა და ხშირ შემთხვევაში მაშინ რა ნივთიერებაა", - ამბობენ „მანდალა - ზიანის შემცირება" -ში.
ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ნარკოტიკებით ინოქსიკაციის შემთხვევები მოხდა. დღეს გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, 19 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ჯერჯერობით უცნობი ნარკოტიკული საშუალება გახდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბიჭის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა.
7 დეკემბერს საგანგებო განცხადება გაავრცელა „თეთრი ხმაურის მოძრაობამაც“.