სამი დღის წინ, სანაპიროზე ტრაგედია მოხდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ „ოპელის" მარკის ავტომობილი მტკვარში გადავარდა. შემთხვევა 17 მაისს გამთენიისას, 01:00 საათზე მოხდა. მძღოლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, წვიმიანი ამინდების და მტკვრის ჩქარი დინების გამო მდინარიდან მანქანაც არ ამოუყვანიათ. ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები, ერთი ინფორმაციით მამაკაცთან ერთად ავტომობილში სხვა პირებიც ისხდნენ, კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძღოლმა ქვეითად მოსიარულეებს ააცილა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
Ambebi.ge შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები ორი დღეა მუშაობენ. მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში განგვიცხადეს, რომ ავტომობილი სათვალთვალო კამერებმა ვერ დააფიქსირეს, შემთხვევის შესახებ კი მხოლოდ ის იციან, რომ ავტომობილს სასულიერო პირი მართავდა. ჩვენს მიერ მოპოვებული, დაზუსტებული ინფორმაციით, დაკარგული მძღოლი სამების ტაძრის მღვდელ-მონაზონი ბასილი კორტავაა.
შემთხვევის თვითმხილველი გელა შ, რომელმაც მომხდარის შესახებ გვიამბო, სანაპიროზე, შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობს. "მანქანა წყალში რომ გადავარდა სახლში ვიყავი და გავედი. იმის შემდეგ დილიდან საღამომდე მუშაობენ მაშველები, მყვინთავები, მაგრამ ვერ პოულობენ. ახლაც იქედან მოვედი. ადიდებულია მტკვ
არი და სამძებრო სამუშაოებს აზრი არ აქვს. წეღან მყვინთავებიც კი წაიღო წყალმა და ძლივს გადაარჩინეს" - გვეუბნება თვითმხილველი.
- რას ამბობენ, ვინ არის დაკარგული მძღოლი?
- სამეგრელოდანაა, სამებაში მსახურობს, ბერი იყო. სახელი და გვარი არ ვიცი. მოდიან მამაოები, ნათესავები და მთელი დღე აქ ვართ. გუშინ მტკვარი დააშრეს და მანქანა იპოვეს, სავარაუდოდ იციან სად იქნება გარდაცვლილი მძღოლის ცხედარიც, მაგრამ წვიმიანი ამინდების გამო მდინარის დინება ჩქარია და ვერც მანქანის ამოყვანა მოხერხდა. დღეს ისევ წყალმა დაფარა ის ნაწილი, მანქანა სადაც არის ჩავარდნილი. მანქანა დაამაგნიტეს მაშველებმა, წყალმა რომ არ წაიღოს.
- ამბობენ, რომ შემთხვევის დროს პოლიცია მისდევდა მძღოლს?
- ტყუილია, ამ ფაქტს ტაქსის მძღოლი შეესწრო, რომელიც ამბობს რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მძღოლი. უკან მისდევდა პატრული, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მიყავდა მანქანა, ამბობენ, პატრულს გადაღებულიც აქვს ეს კადრები. ჯებირი ამ ნაწილში გადანგრეული იყო, 13 ივნისის სტიქიის დროს წაიღო წყალმა.
თამარ ბოჭორიშვილი