„სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბევრი უხერხულობა შექმნა, ვისურვებდით, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ დამდგარიყო“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ განუცხადა.
„ის, რაზეც ახლა მიდის საუბარი, არის რისკის ვარაუდი. თეორიული რისკი მომდევნო 4 დღის განმავლობაში არსებობს, რამაც ბევრი უხერხულობა შექმნა. სასურველი იყო, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ასეთი გადაწყვეტილება არც გვქონოდა და ეს ერთკვირიანი დაძაბულობაც თავიდან იქნებოდა აცილებული“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ოთარ დანელიამ.
დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული ორგანული კანონის პროექტი მზად არის და ის პარლამენტს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ წარედგინება.