აფხაზეთის ტერიტორიაზე მოკლულ გიგლა ოთხოზორიას ქუთაისში გადაასვენებენ, სადაც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზას ჩაუტარებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები პირად საუბრებში ადასტურებენ.
მათივე თქმით, შემთხვევა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან, სოფელ ნაბაკევსა და ხურჩას შორის მოხდა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, გიგლა ოთხოზორია ცდილობდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე პროდუქტები გაეგზავნა და სწორედ ამ დროს მოუვიდა შელაპარაკება რუს მესაზღვრეებთან.
მათივე ინფორმაციით, გიგლა ოთხოზორიას სამჯერ ესროლეს, ორი ტყვია კი მუცლის არეში აქვს მოხვედრილი.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, შემთხვევა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.