ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საკანომდებლო ორგანოში კონფერენცია - „პარლამენტის საზედამხედველო როლი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე: ახალი მარეგულირებელი ჩარჩო და საუკეთესო პრაქტიკა“ იმართება.
კონფერენცია პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ გახსნა.
„ჩვენთვის დიდი პატივია, ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციას ვუმასპინძლოთ დღეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც ეხება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს. კერძოდ, ზედამხედველობის გაძლიერებას ადამიანის უფლებების მიმართულებით და ეს საკითხი ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობის მქონეა, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში ძლიერი საპარლამენტო კონტროლი ეს არის რეალურად გარანტი ადამიანის უფლებების ეფექტიანად დაცვისათვის“,-აღნიშნა სოფიო კილაძემ.
ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროდ, არც თუ ისე შორეულ წარსულში, საქართველოს პარლამენტი იყო უბრალოდ ნოტარიუსი ადამიანის უფლებების კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებების მიმართულებით, რაც 2012 წლიდან რადიკალურად შეიცვალა.
„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ კონკრეტული მექანიზმების დანერგვა საქართველოს პარლამენტში იმისთვის, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა ადამიანის უფლებების საკითხზე საქართველოს პარლამენტში. ეს პროცესი ნამდვილად დაგვირგვინდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რეფორმით და ასევე, რეგლამენტის ახალი ვერსიით, რომელიც სულ მალე, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევა და ეს იქნება რეალურად გარანტი იმის, რომ ჩვენი საპარლამენტო ზედამხედველობა იყოს ეფექტიანი. ამის სწორად განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ გვაქვს დახვეწილი კანონმდებლობა ამ კუთხით“,-აღნიშნა სოფიო კილაძემ.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ კონფერენციის დამსწრეებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მისი შეფასებით, 70 წლის წინ მიღებული დეკლარაცია მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე პასუხი იყო.
„ადამიანის უფლებათა მასობრივი ხელყოფა ტოტალური ხელყოფა, ადამიანის ღირსების შელახვა იყო ის, რაც ახასიათებდა იმდროინდელ სამყაროს და ამაზე პასუხად მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დოკუმენტმა თავისი ფუნქცია სათანადოდ და პირნათლად შეასრულა. დღევანდელ დღეს თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებიც არის ასახული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი ისეთი სახელმწიფოს მშენებლობაა, რომელიც ადამიანის ღირსებასა და ადამიანის ძირითად უფლებებს ეფუძნება. მისივე თქმით, საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში, თუმცა, მიღწეულით არ კმაყოფილდება.
„ჩვენი ამოცანაა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი დახვეწა. ამას ესაჭიროება კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა და ასევე საჭიროა, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ კანონმდებლობა იყოს სათანადოდ რეალიზებული. საჭიროა კონკრეტულად ადამიანის უფლებების მარეგულირებელი ნორმების შემდგომი გაუმჯობესება და ასევე, საჭიროა, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების მუდმივი სრულყოფა. რა თქმა უნდა, აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ რეფორმის ისეთ ასპექტებზე, როგორიც არის მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი დახვეწა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, პრიორიტეტული მიმართულებებია საარჩევნო უფლებების უკეთესი რეალიზება, გენდერული თანასწორობის დაცვა და ა.შ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლზე ისაუბრა. მისი შეფასებით, თუ პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს, ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვა რთულდება. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ ყურადღება განხორციელებულ საკონსტიტუციო და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმებზე გაამახვილა.
„ჩვენი ერთერთი უმთავრესი ამოცანა გახლავთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება. ამას ემსახურებოდა, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც შარშან-შარშანწინ განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ და ამას ემსახურება, ასევე, რეგლამენტის რეფორმა, რომელიც ახლახან დასრულდა. ახალი რეგლამენტი უზრუნველყოფს ჩვენი საზედამხედველო ფუნქციის შემდგომ გაძლიერებას და ეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეხოს ადამიანის უფლებების დაცვაზე სათანადო ზედამხედველობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა, რომელიც, მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სფეროში პარლამენტისთვის უმთავრესი პარტნიორი უნდა იყოს.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ასევე: საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში მუნხტუია ალთანგერელმა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსი მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, არამედ ისიც, რომ სწორედ დღეს იმართება საუბარი საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე.
„საპარლამენტო ზედამხედველობა არის ყველაზე ეფექტური, ყველაზე ქმედითი და ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად და ამ სისტემაში სახალხო დამცველს, რა თქმა უნდა, ცენტრალური ადგილი უჭირავს - ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობაზე. სახალხო დამცველის მთავარი ფუნქციაც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს პარლამენტს მიაწოდოს ობიექტური, სრულყოფილი, დროული და კომპეტენტური ინფორმაცია ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ქვეყანში, მიაწოდოს ინფორმაცია იმ საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ, რაც საჭიროებს გამოსწორებას ადამიანის უფლებების უკეთ დასაცავად, მიაწოდოს ინფორმაცია იმ უწყებების შესახებ, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მიაწოდოს შესაბამისი რეკომენდაციები“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, სახალხო დამცველი, პირველ რიგში, დაინტერესებულია ძლიერი პარლამენტის არსებობით, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებით, ხოლო პარლამენტის ინტერსებშია გაძლიერდეს სახალხო დამცველის მანდატი და უფლებამოსილება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვაძლიერებთ ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, იმედის მომცემია პარლამენტის გაცხადებული მიზანი - კიდევ უფრო გაძლიერდეს საზედამხედველო ფუნქცია, რასაც ცხადყოფს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და პარლამენტის ახალი რეგლამენტი.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული პარლამენტის ახალი რეგლამენტი შექმნის ძალიან ძლიერ და ეფექტურ ბაზას საპარლამენტო ზედამხედველობისთვის და აქედან გამომდინარე, დღევანდელი კონფერენციაც კიდევ უფრო დროული და მნიშვნელოვანია.
„პარლამენტის გაძლიერებული საზედამხედველო ფუნქცია ძალიან დიდი სიკეთის მომტანი იქნება საქართველოსთვის. ახალი წესები გააძლიერებენ ინსტიტუციებს და ეს იქნება ბევრად უფრო ძლიერი და კარგი პლატფორმა დისკუსიისთვის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესისათვის“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის დელაგაცია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის ძლიერ მხარდაჭერას საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების საქმეში.
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელის მუნხტუია ალთანგერელის განცხადებით, საქართველოს მთავარობა და საქართველოს პარლამენტი გადადიან მმართველობის ახალ მოდელზე და ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს გადაიყვანს ძლიერ საპარლამენტო დემოკრატიაზე.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა ყველა ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო ადამიანის უფლებების დაცვა ქვეყანაში. მუნხტუია ალთანგერელმა აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამა მომავალშიც მზად არის საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერისთვის.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს კონფერენციის ორგანიზებისთვის.
მან უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.
„გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოს პარლამენტისთვის და მთავრობისთვის მხარდაჭერის გაწევა. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ პარლამენტთან“, - განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა.