logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: 25 თებერვალი ერთ- ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის
- +

25 თებერვალი. 2016. 01:04


ვიცე პრემიერ- ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 25 თებერვალს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ იხსენიებს.



„ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორია გიყვართ, დამეთანხმებით რომ, 25 თებერვალი ერთ- ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის.

 

ჩვენ ყოველთვის ვებრძოდით სხვადასხვა ჯურის მტერს, და თუ ვმარცხდებოდით - ეს დამარცხებაც ღირსეულად გვიტარებია.

 

ამის პარალელურად უღირსობაც უსაზღვრო ვიცით, თვითონ ქართველის ხელით მოტანილი მტრობა და ზიანი ყოველთვის მოუშუშებელ ჭრილობად რჩებოდა ჩვენს ისტორიაში. ასე იყო ამჯერადაც, მოღალატე ქართველების მიერ შემოყვანილი ბოლშევიკური ტერორი დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში ხანგძლივად და საფუძვლიანად, მოსპო ყველაფერი საუკეთესო, თუ რამე მოვიტანეთ თანამედროვე საქართველოს კარამდე.

 

ამ რეჟიმის საშინელი კვალის წაშლას ჩვენს ცნობიერებაში თაობები დასჭირდება. თაობები უნდა გაიზარდონ პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დამცველების, გმირების და მათი იდეების საძირკველზე!

 

იუნკერები, მოხალისეები, ოფიცრობა, სტუდენტობა, თავად-აზნაურობა, გლეხობა და ყველა მოქალაქე, ვინც წინ აღუდგა, შეეწირა და ემსხვერპლა გასაბჭოებას, ვინც რეპრესიების წლებში დატანჯეს, შეურაცხყვეს და გააქრეს... მათი სახელები, ხსოვნა და შეწყვეტილი ცხოვრება გვავალდებულებს, რომ საქართველო იყოს ისეთი როგორზეც ისინი ოცნებობდნენ და შექმნიდნენ კიდეც, რომ დასცლოდათ..."- აღნიშნავს კალაძე.


25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.


1920 წლის 1-2 მაისს, ღამით  ქართველი ბოლშევიკების ტერორისტულმა ჯგუფმა შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო იუნკერთა სამხედრო სასწავლებელზე თბილისში. 2 მაისს აზერბაიჯანში დაბანაკებულმა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ გადმოლახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თბილისისაკენ დაიძრა. რუსეთი ვარაუდობდა თბილისის დაკავებას 15 მაისისათვის. მაგრამ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გენერალ გ.კვინიტაძის სარდლობით უკუაქცია მტერი და ქვეყნის ტერიტორია გაწმინდა აგრესორებისაგან.


საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ომის სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მომზადება რუსეთში დასრულდა 1921 წლის იანვარში. 26 იანვარს მოსკოვში ვ.ლენინის ინიციატივით მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუუპაციის შესახებ და აქვე დამტკიცდა ომის გეგმა.


1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით ბორჩალოს მაზრის რუსი და სომეხი კოლონისტებით დასახლებულ სოფლებში დაიწყო "აჯანყება", რომელიც რუსულმა პროპაგანდამ "საქართველოს მშრომელთა აჯანყებად" მონათლა და გენოციდისაგან რუსი და სომეხი მოსახლეობის დაცვის მოტივით მე-11 წითელი არმია საქართველოს საზღვრებში შემოიჭრა. 15 თებერვალს შულავერში შეიქმნა "საქართველოს რევკომი" რომელმაც რუსეთს მიმართა დახმარებისათვის. 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს ქართულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ტაბახმელას რაიონში (19 თებერვალს) და კოჯრის რაიონში (20 თებერვალს).


მტრის ძალების სიჭარბემ მაინც თავისი გაიტანა. მე-11 არმიის გარდა, საქართველოს უტევდა მე-8 არმია სოჭიდან ფოთის მიმართულებით და მე-9 არმია მამისონის უღელტეხილიდან რიონის ხეობის გავლით ქუთაისის მიმართულებით. ამასთან, რუსეთთან წინასწარი შეთანხმებით ომში ჩაება ქემალისტური თურქეთი, რომლის ჯარებმა 21-22 თებერვალს ართვინი და არტაანი დაიკავეს. 1921 წლის 24 თებერვლის ღამით მთავარსარდალმა კვინიტაძემ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვებისა და მცხეთა-ხაშურის ხაზზე თავდაცვითი ზღუდის შექმნის შესახებ. 25 თებერვალს რუსმა ინტერვენტებმა თბილისი დაიკავეს, ხოლო რსდმპ(ბ) კავბიურომ გამოაცხადა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება.


საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა 1921 წლის 17 მარტს ემიგრაციაში წავიდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner