კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.
ამასთან, ჯეიმს აპატურაი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს.
„კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში ვიზიტი ადასტურებს NATO-საქართველოს ურთიერთობების მაღალ ინტენსივობას და ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას NATO-ს დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.