logo_geo
eng_logo
მიროსლავ ლაიჩაკი: საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს
- +

20 მაისი. 2016. 10:16


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქალაქ ბრიუსელში იმყოფება, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თავის კოლეგებთან შეხვედრებს მართავს.



საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 მაისს მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის, ალბანეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრებზე განიხილეს აღნიშნულ ქვეყნებთან როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო NATO-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელ პერიოდს და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის საკითხს.



სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ მიროსლავ ლაიჩაკმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც NATO-ში ინტეგრაციის, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს, რაც შესაბამისად უნდა იქნას აღიარებული, როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს მხრიდან. სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პრაქტიკული დახმარების თვალსაზრისით ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.



ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიტმირ ბუშატთან შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა სურვილი სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში გატარებული რიგი წარმატებული რეფორმების სამაგალითო მნიშვნელობა ალბანური მხარისათვის და გამოცდილების გაზიარების მიზნით ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.



რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლაზარ კომანეკუსთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რუმინეთისა და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის რეგიონის ფორმატში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტებში შავი ზღვის პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით.



NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში 20 მაისს მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" (Resolute Support Mission-RSM) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. სადაც განხილული იქნება ავღანეთში არსებული ვითარება და NATO-ს მისიის სამომავლო გეგმები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner