კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართა. მისი განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნა ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შედეგები, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან დაფიქსირდა ძლიერი გზავნილები NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„ჩემი ჩამოსვლის უმთავრესი მიზანია იმ პოზიტიური პოლიტიკური დინამიკის შენარჩუნება რაც NATO-სა და საქართველოს შორის არსებობს, აგრეთვე ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გამართული NATO-ს მინისტერიალის შედეგების შეჯამება და მომავალი წელს ერთობლივი სამოქმედო გეგმების განსაზღვრა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს მინისტერიალზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილსა და მოწოდებაზე, ამ გზაზე მიმდინარე რეფორმების გატარების თაობაზე და იმ კონტრიბუციებზე რასაც საქართველო გასწევს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად საკმაოდ ძლიერი განცხადებები გააკეთა.
გენერალური მდივნის წარმომადგენლის განმარტებით, მინისტრთან განხილულ იქნა ასევე ის გეგმები რომელიც ორივე მხარემ უნდა განახორციელოს კონკრეტული შედეგების მისაღწევად.
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მჯერა რომ მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ NATO-ს საქართველოში უმაღლეს დონეზე. ამასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია ვიმუშაოთ კონკრეტულ შედეგებზე, მაგალითად საქართველოში ეფექტური რეფორმების გატარებაზე და დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ.
გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვიზიტი თბილისში 12 დეკემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან.
ჯეიმს აპატურაი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.