პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა.
„თუ შეიძლება ითქვას, „გამიმართლა“, თუკი სადმე რამე დარბევა იყო იმ დღეს, ყველაფერში მოვყევი.
დილით 11 საათზე ძალიან სასტიკი დარბევა იყო, რომელსაც ახორციელებდნენ ნიღაბში გამოწყობილი ადამიანები, მაგრამ ისინი არ იყვნენ პოლიციელები, ისინი ჯინსებში და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი იყვნენ. იქ მოვყევი ჭყლეტაში, გავიგუდე გაზით და ძლივს მომასულიერეს რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის შენობაში. შემდეგ რიყეზე დარბევაშიც მოვყევი, სადაც მასობრივი და სასტიკი დარბევა იყო, მომიტინგეებს უსწორდებოდნენ, ნაცემ ადამიანებს მისდევდნენ, მაღაზიებში, სადარბაზოებში და უსწორდებოდნენ.
ბოლოს ტელეკომპანია „იმედში“, პოლიტიკურ გადაცემაში ვიყავი მიწვეული, იქაც „იმედს“ შემოარტყა სპეცრაზმმა ალყა, დეპუტატებიც დაგვაპატიმრეს, ჟურნალისტებიც და ცინიკური, შეურაცხმყოფელი ანგარიშსწორება იყო“, - განაცხადა ძიძიგურმა.
დღეს სასამართლოში ჩვენებას ლევან გაჩეჩილაძე და კახა კუკავაც მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.