საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე განიხილეს NATO-სა და საქართველოს თანამშრომლობა, NATO-ს მხარდაჭერა და ქვეყნის მთავარი გამოწვევები.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას, რომელიც დღეს ევროპისთვის და NATO-სთვის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად დგას, რომელიც ასევე ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი პრობლემაა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან ბევრი საერთო საქმე გვაქვს სხვადასხვა საკითხებში, რომელიც ყველა ფორმას და მათ შორის კიბერუსაფრთხოებასაც ეხება. დღეს რა ახალი გამოწვევებიც არსებობს, ცრუ ინფორმაციის სახით, რომელსაც დიდ წილად რუსეთი იყენებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორი არის დღევანდელი საქართველოს შეტანილი წვლილი სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს იცნობდნენ ისეთ ქვეყნად, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობაში თავისი წვლილი შეაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ NATO მზად არის, ჩვენთან თანამშრომლობაში ძალიან აქტიური იყოს. ვიზიტები გრძელდება, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა და ეს ამ პოლიტიკური მხარდაჭერის მიზანია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელით დაიწყება, სადაც NATO და ევროკავშირი მდებარეობს. აუცილებელია, რომ ჩვენ ეს კავშირები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ეს ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.