საბჭოთა რუსეთ-საქართველოს პირველ ომს ადგილი ჰქონდა 1920 წლის მაისის დასაწყისში. 1-2 მაისის ღამეს ქართველი ბოლშევიკების ტერორისტულმა ჯგუფმა შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო იუნკერთა სამხედრო სასწავლებელზე თბილისში. 2 მაისს აზერბაიჯანში დაბანაკებულმა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ გადმოლახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თბილისისაკენ დაიძრა. რუსეთი ვარაუდობდა თბილისის დაკავებას 15 მაისისათვის. მაგრამ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გენერალ გ.კვინიტაძის სარდლობით უკუაქცია მტერი და ქვეყნის ტერიტორია გაწმინდა აგრესორებისაგან.
საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ომის სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მომზადება რუსეთში დასრულდა 1921 წლის იანვარში. 26 იანვარს მოსკოვში ვ.ლენინის ინიციატივით მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუუპაციის შესახებ და აქვე დამტკიცდა ომის გეგმა.
1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით ბორჩალოს მაზრის რუსი და სომეხი კოლონისტებით დასახლებულ სოფლებში დაიწყო "აჯანყება", რომელიც რუსულმა პროპაგანდამ "საქართველოს მშრომელთა აჯანყებად" მონათლა და გენოციდისაგან რუსი და სომეხი მოსახლეობის დაცვის მოტივით მე-11 წითელი არმია საქართველოს საზღვრებში შემოიჭრა. 15 თებერვალს შულავერში შეიქმნა "საქართველოს რევკომი" რომელმაც რუსეთს მიმართა დახმარებისათვის. 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს ქართულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ტაბახმელას რაიონში (19 თებერვალს) და კოჯრის რაიონში (20 თებერვალს).
მაგრამ მტრის ძალების სიჭარბემ მაინც თავისი გაიტანა. მე-11 არმიის გარდა, საქართველოს უტევდა მე-8 არმია სოჭიდან ფოთის მიმართულებით და მე-9 არმია მამისონის უღელტეხილიდან რიონის ხეობის გავლით ქუთაისის მიმართულებით. ამასთან, რუსეთთან წინასწარი შეთანხმებით ომში ჩაება ქემალისტური თურქეთი, რომლის ჯარებმა 21-22 თებერვალს ართვინი და არტაანი დაიკავეს. 1921 წლის 24 თებერვლის ღამით მთავარსარდალმა კვინიტაძემ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვებისა და მცხეთა-ხაშურის ხაზზე თავდაცვითი ზღუდის შექმნის შესახებ. 25 თებერვალს რუსმა ინტერვენტებმა თბილისი დაიკავეს, ხოლო რსდმპ(ბ) კავბიურომ გამოაცხადა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება.
საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა 1921 წლის 17 მარტს ემიგრაციაში წავიდა.