„2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, ჯამში, მიიმართება 150 მლნ ლარზე მეტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას.
მისი თქმით, უშუალოდ სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 135.5 მლნ ლარი.
„ამასთან, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, წინა წარდგენასთან შედარებით, გაიზარდა თითქმის 30 მლნ ლარით და სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე ჯამში მიიმართება 150 მლნ ლარზე მეტი, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, მზადდება განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ქვეყანაში განათლების ხარისხი, რაც საბოლოოდ, ადამიანური რესურსების განვითარებას უზრუნველყოფს.