logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: პოლიტიკის კარი ღიაა ყველა პროფესიისთვის
- +

20 მაისი. 2016. 10:43


„სისულელე და აბსურდია აზრი, რომ პოლიტიკა პრიორიტეტულად მხოლოდ იურისტების, ან ეკონომისტების სფეროა", - წერს „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „facebook"-გვერდზე.


 

ამ ბოლო დროს ეპიზოდურად ვხვდები დიდი ანალიტიკოსების" მოსაზრებას, თითქოს ჟურნალისტი არ უნდა წავიდეს პოლიტიკაში. მე, როგორც არა-დიადი, მოკლედ ვეხმაურები ამ მოსაზრებას.

1. ბოლოს და ბოლოს, შევეგუოთ პრინციპს, რომ პოლიტიკის სფეროზე მონოპოლია არა აქვს მარტო ერთ ან ორ პარტიას... ან ორ, ან ოთხ ლიდერს... ბევრი - კარგია! იმიტომ, რომ ამომრჩეველს აქვს არჩევანის საშუალება. ვინც არ მოგწონთ, ხმას ნუ მისცემთ.

2. სისულელე და აბსურდია აზრი, რომ პოლიტიკა პრიორიტეტულად მხოლოდ იურისტების ან ეკონომისტების სფეროა. ბევრი წარმატებული იურისტი, სამართალმცოდნე, ელჩი თუ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მინახავს უკვე ცოცხალ პოლიტიკაში და აღმოჩნდა, რომ აქ წარუმატებელია. ერთკაციან პარტიად დარჩა!!! პოლიტიკის კარი ღიაა ყველა პროფესიისთვის.

3. თუ საქმე მაინცდამაინც ჟურნალისტებზე მიდგა, გარწმუნებთ, ქართველი ჟურნალისტები პოლიტიკის სფეროში არანაკლები კომპეტენციით გამოიჩევიან, ვიდრე არასამთავრობო სექტორის ვითომ ნეიტრალური წარმომადგენლები, ვითომ სტაჟიანი დესპანები თუ ვითომ ყოვლისმცოდნე იურისტები. ხაზს ვუსვამ: არცერთი ხსენებული პროფესიის მნიშვნელობას არ ვაკნინებ. არც ამ სფეროებში წარმატებულ ადამიანებს ვაყენებ შეურაცხყოფას. ვწერ კონკრეტულ კატეგორიაზე. ჟურნალისტები პოლიტიკაში სხვებზე არანაკლებად გრძნობენ სიტუაციას, სხვებზე არანაკლებად ადეკვატურები არიან და, სხვათა შორის, ლიდერის თვისებები სხვებზე მეტად აქვთ გამოხატული. ისინი გრძნობენ არა მარტო სიტუაციას, არამედ კარგად იცნობენ ადამიანთა ბუნებას, რაც ასე აკლია ბევრ პოლიტიკოსს.

4. და ბოლოს, ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ეგოიზმი. აქ ვერ იტანენ ახალ სახეებს. ახალ პარტიებს. ახალ იდეებს. ლანძღავენ, აგინებენ, აფურთხებენ. აქ 90- იანი წლების რეალობაა, როცა ერთ ქუჩაზე კაცი რესტორანს ხსნიდა და მერე სხვას რესტორნის გახსნას უკრძალავდა. გაიგეთ, ბევრი პარტია არაა ცუდი. კარგია. ხალხს არჩევანის საშუალება აქვს... და იმის გამო, რომ ფერმერმა, ჟურნალისტმა თუ მოკრივემ პოლიტიკაში მოღვაწეობა განიზრახა, არ უნდა ვაფურთხოთ და ვაგინოთ. უნდა მივიღოთ!!! ესაა პოლიტიკური კულტურა და საერთოდ, კულტურა.

P.S. წარმატებები მინდა ვუსურვო მერაბ მეტრეველს. ჩვენ ხშირად ვკამათობდით ეთერში, გვქონდა და გვაქვს განსხვავებული მსოფლმხედველობა, ბევრ საკითხზე - განსხვავებული პოზიციები... დღეს გადაწყვიტა, ძალები მოსინჯოს პოლიტიკაში. მოსინჯოს, რა არის ამაში ცუდი ან მიუღებელი? პირიქით. უკვე პოლიტიკურ დებატებში ვიკამათებთ!" - წერს ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner