logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინე ძალიან მკაფიო გზავნილები ევრო-ატლანტიკური მისწრაფების თაობაზე
- +

12 დეკემბერი. 2018. 20:57

 

 

„სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინე ძალიან მკაფიო გზავნილები ევრო-ატლანტიკური მისწრაფების თაობაზე“, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

აპატურაის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა მასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს საჭირო რეფორმებს.

 

„ძალიან კმაყოფილი ვარ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არჩეული პრეზიდენტი იყო ძალიან კარგად მომზადებული. ეს ეხებოდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს ეხებოდა პოლიტიკურ თემატიკას და NATO-საქართველოს გეგმებს. სალომე ზურაბიშვილს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა ამ საკითხებზე და ეს მისასალმებელია. მე მისგან შეხვედრაზე მოვისმინე ძალიან მკაფიო გზავნილები ევრო-ატლანტიკური მისწრაფების თაობაზე. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველო გააგრძელებს საჭირო რეფორმებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გააკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება.

 

რაც შეეხება რუსეთს. მას არ აქვს ილუზიები რუსეთის ქმედებებზე არც საქართველოში და არც რეგიონში. ის ძალიან მკაფიოა და მყარი პოზიციები აქვს. გაურკვევლობა არ არსებობს. მოხარული ვარ და ამ გზავნილით მივდივარ ბრიუსელში.

 

სალომე ზურაბიშვილი ძალიან მალე იქნება მთავარსარდალი. ის საუბრობდა შეხვედრაზე რეფორმებზე, რომლებიც თავდაცვის სფეროში ტარდება და აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ყველას გვსურს მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში. ამ ჭრილში განვიხილავთ ერთობლივ წვრთნებს და მაღალი დონის ვიზიტებს. გავაგრძელებთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოსთან აქტიურად მუშაობას“, – განუცხადა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner