„ეგებ სახელმწიფომ რაიმე სახსარი გამონახოს და „სოთბის" აუქციონზე გატანილი ფიროსმანის ტილო შეიძინოს", - წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი „facebook"-გვერდზე.
„ეგებ სახელმწიფომ რაიმე სახსარი გამონახოს და სოთბის აუქციონზე გატანილი ფიროსმანის ტილო შეიძინოს. ხომ არსებობს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი?! ეგებ საპარტნიორო ფონდსაც შეუძლია ამის გაკეთება?! ან კიდევ ეროვნული მუზეუმის დირექტორი სულ ცაში რომ დაფრინავს, დაეტიოს ამ მიწაზე და გაუთავებელი მივლინებებისთვის გათვალისწინებული თანხით ფიროსმანის ტილოს შეძენას შეეწიოს. თან მხოლოდ ფიროსმანი კი არ იყიდება აუქციონზე?! ლადო გუდიაშვილის „ფიროსმანის პორტრეტიც" ყოფილა გატანილი.
დღეს დილით გავიგე (ალბათ თქვენც იცით), რომ ფიროსმანი „სოთბის" აუქციონზე წარმოდგენილია, როგორც რუსი მხატვარი. რამდენიმე წუთის წინ ტელეფონით ვესაუბრე გია მარსაგიშვილს, ხელოვნების მუზეუმის კურატორს. საქმე შემდეგნაირადაა - „სოთბის" აუქიონზე გატანილია ფიროსმანის „შველი წყლის პირად". საქართველოში ამ დასახელების ფიროსმანის ოთხი ნამუშევარია დაცული.
რაც შეეხება ფიროსმანის რუს მხატვრად წარმოჩენას - გია მარსაგიშვილი ამბობს, რომ ვინაიდან ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში რუს მხატვრებს უკეთ იცნობენ, ამიტომ „სოთბის" აუქციონზე ფიროსმანი წარმოაჩინეს, როგორც რუსი მხატვარი. თუმცა, იქვე მითითებულია, რომ ფიროსმანი ეროვნებით ქართველია. „სოთბის" მესვეურები კიდევ ერთ არგუმენტს იშველიებენ - ფიროსმანის მოღვაწეობის პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და მხატვრის რუს მხატვრად წარმოჩენას ეს განაპირობებსო. გია მარსაგიშვილისთვის ამგვარი მიდგომა გაუმართლებელია - „ვაჟა-ფშაველაც რუსეთის იმპერიის დროს მოღვაწეობდა, მაგრამ რუსი პოეტია?!"
გია მარსაგიშვილის განმარტებით, „შველი წყლის პირად" „სოთბის" აუქციონზე მეორედ გადის. პირველად ეს ნიკა რურუას კულტურის მინისტრობისას მოხდა. მაშინაც დავიწყეთ გულში მუშტების ბაგა-ბუგი, ავტეხეთ ვაი-უშველებელი, მაგრამ ფიროსმანი „სოთბიზე" გაიყიდა. რა მოხდება ამჯერად, ეს გარკვეულწილად ჩვენზეც არის დამოკიდებული.
ჩემს კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა იმის გარკვევა, ვინ გაიტანა აუქციონზე ფიროსმანის ნამუშევარი, გია მარსაგიშვილი ამბობს, რომ თუ თავად არ არის ამის წინააღმდეგი, მფლობელი მითითებული იქნება.
ფიროსმანის სპეციალისტებად აღიარებულ გარკვეულ ხელოვნებათმოცდნეებს გამჩენი არ ასვენებთ და შემდეგნაირ გამოსავალს ხედავენ - ფიროსმანის მეთაურობით ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოვაწყოთ უცხოეთში, რითაც ევროპელები გაიგებენ, რომ ჩვენ, ქართველებს, გვყავს მსოფლიო დონის მხატვრებიო.
ბატონებო და ქალბატონებო - 2004-2012 წლებში ფიროსმანის ტილოები ჰაერში იყო გამოკიდებული, ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაჰქონდათ, ქალაქიდან ქალაქში დაატარებდნენ და თუ ამდენი გარჯის შედეგად ვერ გააგებინეთ ევროპელებს, ახლა ერთი ან ორი გამოფენით აეხილებათ თვალი, რომ ფიროსმანი ქართველია?! ისე, „სოთბის" მესვეურები მოიწვიონ საქართველოში და აქ, ადგილზე დაათვალიერებინონ ქართველი მხატვრების ტილოები. ამაზე რატომ არ ფიქრობთ?! ფიროსმანის აქედან გაზიდვაზე რატომ გიჭირავთ თვალი და გული?!
გია მარსაგიშვილის თქმით, „სოთბიზე" პირველად რომ გავიდა „შველი წყლის პირად", როგორც რუსი მხატვრის ტილო, მაშინაც იმაში დაინახეს გამოსავალი, რომ უცხოეთში გამოფენილიყო ფიროსმანის ნამუშევრები.
ძალიან, ძალიან მაინტერესებს (დარწმუნებული ვარ, იგივე ინტერესი გაქვთ თქვენც), როგორ მოხვდა „სოთბიზე" ლადო გუდიაშვილის „ფიროსმანის პროტრეტი". თუ ვინმე გაიგებთ რიამეს, ეგებ დაწეროთ აქ.
გია მარსაგიშვილი პირველ ეტაპზე ასეთ გამოსავალს ხედავს - „სოთბის" აუქციონზე ლათინური ამერიკა ცალკე ბლოკადაა გამოყოფილი და ასევე უნდა გაკეთდეს კავკასიაზეც, კავკასია ცალკე ბლოკად უდნა გამოიყოს. ასეთ შემთხვევაში კავკასიასთან ერთად მითითებული იქნება „კავკასია, საქართველო". მარსაგიშვილის განმარტებით, ამერიკაში რომ ახსენებ საქართველოს, ჰგონიათ, რომ ამერიკის ერთ-ერთი შტატს გულისხმობ, მაგრამ იქვე რომ განმარტავ, კავკასიის საქართველოდან ვარო, ყველაფერი გასაგები ხდება", - წერს ნინო მიქიაშვილი.